საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ COVID19-ის პრევენციისთვის აცრას აუცილებლად გაიკეთებს. მან ამ საკითხზე „რუსთავი2“-ის ეთერში ილაპარაკა.
„რა თქმა უნდა, ავიცრები იმ კატეგორიაში, რომელშიც ვაქცინაციის საჭიროება მექნება. არ ვისარგებლებ პრიორიტეტით. სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცი რა ხარისხის ვაქცინაცია იქნება ქვეყანაში და ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ“, - განაცხადა ტიკარაძემ.
დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისოდ ავტორიზებული ხარისხიანი ვაქცინები ექნებათ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი მწარმოებლის - Pfizer-ისა და AstraZeneca-ს პრეპარატების შემოტანაზე აქტიურად მუშაობს.
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს.