logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: გეგმაზომიერად მივყვებით ყველა იმ პროცესს, რომელიც საჭიროა შეუფერხებელი და უსაფრთხო ვაქცინაციისთვის
- +

16 იანვარი. 2021. 01:14

 

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველო 2020 წლის სექტემბერში „კოვაქს“ პლატფორმაზე გაწევრიანდა, რომელიც ქვეყანას გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინის მიღების საშუალებას აძლევს.

 

მინისტრის განცხადებით, საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე, რომლის დოზირება ორ ეტაპიანია.

 

„ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიმოწერა „კოვაქს“ პლატფორმასთან. ჩვენ სექტემბრის თვეში გავწევრიანდით ამ პლატფორმაზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოქალაქეებისთვის მივიღოთ გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა და ეს იყო ჩვენი მთავარი წინაპირობა იმისა, რომ „კოვაქს“ პლატფორმა ჩვენ ამის გარკვეულ გარანტიებს გვაძლევს. 6 იანვრის წერილში, რომელიც ჩვენ მივიღეთ „კოვაქს“ პლატფორმიდან, საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე, რომლის დოზირება არის ორეტაპიანი.

 

როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, დღეს უკვე გამზადდა წერილი, რომელიც გაიგზავნება „კოვაქს“ პლატფორმაზე, ყველა იმ შესრულებული სამუშაოების შესახებ, რომელიც განხორციელდა საქართველოში, ვაქცინაციის მომზადების პერიოდისთვის. ჩვენ გვაქვს დეტალური აღწერილობა იმ ინფრასტრუქტურული მზაობის, რომელიც გაგვაჩნია, ასევე ტექნიკური მზაობის, რომელიც უზრუნველყოფს ცივ ჯაჭვს ამ ვაქცინისთვის. ასევე, ჩვენ გვაქვს კონკრეტულ გეგმა ექიმების გადამზადების და ინფორმაციული მზაობის,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

მინისტრის თქმით, ყოველი დღე გამოყენებულია იმისთვის, რომ ქვეყანამ შეუფერხებლად მიიღოს ვაქცინა და ამ კუთხით პროცესები დაგვიანებული არ არის.

 

„ჩვენ დაგვიანებული ამ კუთხით ნამდვილად არ ვართ, ყოველი დღე არის მოხმარებული იმას, რომ მზადდება გარკვეული დოკუმენტაცია როგორც საკანონმდებლო მიმართულებით, ასევე საინფორმაციო მიმართულებით. გეგმაზომიერად მივყვებით ყველა იმ პროცესს, რომელიც საჭიროა შეუფერხებელი და უსაფრთხო ვაქცინაციისთვის,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

 

დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისოდ ავტორიზებული ხარისხიანი ვაქცინები ექნებათ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner