logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მაქსიმალურად ვითვალისწინებთ კერძო მესაკუთრის ინტერესებს ისე, რომ ქალაქის ინტერესები არ დავარღვიოთ
- +

20 იანვარი. 2021. 11:40

 

 

„იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გენგეგმის მიღების შედეგად გაუუარესდათ მიწის ნაკვეთის სტატუსი, შეუძლიათ მოგვმართონ და ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ამას ითვალისწინებს გენგეგმა. ურბანული და არქიტექტურული სამსახურები შეისწავლიან ამ მიწის ნაკვეთის სტატუსს, რა იყო გენგეგმის მიღებამდე და შესაძლებელია თუ არა ძველი სტატუსის დაბრუნება. თუ ძველი სტატუსის დაბრუნება დააზიანებს გენგეგმისა და ქალაქის ინტერესებს, ჩვენ მზად ვართ, ადგილმონაცვლეობის პრინციპით დავაკმაყოფილოთ ასეთი მოთხოვნები“, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

„თქვენ იცით, რომ 2019 წელს მივიღეთ გენგეგმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ჩვენ გეგმაზე, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო ამ საქმეში. შესაბამისად, როდესაც გენგეგმა მივიღეთ, არსებობდა ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებსაც სხვა ზონის სტატუსი ჰქონდა და 2019 წლამდე მესაკუთრეს შეეძლო, ამ ნაკვეთზე სხვადასხვა ტიპის მშენებლობა განეხორციელებინა, თუმცა გენგეგმა პასუხობს ქალაქის პრიორიტეტებს და გვაქვს ისეთი ზონები, რომლებიც შეიცვალა - მაგალითად, თუ სადმე მშენებლობა იყო დაშვებული, ახლა ეს მიწის ნაკვეთი რეკრეაციული, ლანდშაფტურ-რეკრეაციული ან სატყეო ზონა გახდა. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ კერძო მესაკუთრის ინტერესებს ისე, რომ ქალაქის ინტერესები არ დავარღვიოთ. მგონია, რომ არავის სიამოვნებს ის, თუ როგორ ქაოტურად ვითარდებოდა ქალაქი ბოლო წლების განმავლობაში. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისა და მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ვისაც თბილისზე გული შესტკივა. არავის მოსწონდა ის, რაც ხდებოდა - კოეფიციენტების გადამეტება, არასწორი სამშენებლო სამუშაოები, ქალაქის არასწორი განვითარება, კონკრეტული რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობის დაშვება, ნებართვების გაცემა - ეს კატეგორიულად მიუღებელია. თუმცა ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავარღვევთ კერძო მესაკუთრის ინტერესებს და სწორედ ამიტომ, მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია. იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გენგეგმის მიღების შედეგად გაუუარესდათ მიწის ნაკვეთის სტატუსი, შეუძლიათ მოგვმართონ და ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ამას ითვალისწინებს გენგეგმა. ურბანული და არქიტექტურული სამსახურები შეისწავლიან ამ მიწის ნაკვეთის სტატუსს, რა იყო გენგეგმის მიღებამდე და შესაძლებელია თუ არა ძველი სტატუსის დაბრუნება. თუ ძველი სტატუსის დაბრუნება დააზიანებს გენგეგმისა და ქალაქის ინტერესებს, ჩვენ მზად ვართ, ადგილმონაცვლეობის პრინციპით დავაკმაყოფილოთ ასეთი მოთხოვნები“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner