logo_geo
eng_logo
ანბანის ფორმის კოტეჯები და გალერეები - როგორი იქნება ქართული ანბანის ტურისტული ცენტრი
- +

20 იანვარი. 2021. 17:16

ქართული ანბანის ასო-ბგერებისგან შემდგარი, საქართველოს რუკის ფორმის ახალი ტურისტული ცენტრის გეგმა არქიტექტურულ კომპანია „არტიტექს“ ეკუთვნის. როგორც იდეის ავტორმა არქიტექტორმა დადუნა შათაშვილმა კომერსანტთან ისაუბრა, ეს არის პროექტი, რომელიც უცხოელ ტურისტს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ გაიცნოს ქართული ანბანი, არამედ ასო ბგერების კონსტრუქცია გათვლილია სასტუმროს ნომრის სივრცეზე, ანუ მას კოტეჯის დანიშნულება ექნება. ასევე ეს კონსტრუქციები შესაძლებელია საგამოფენო ან კომერციულ ფართებად იქცეს.

 

„იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ეს იყოს ტურისტული ცენტრი, სადაც თოთოეული ასო-ბგერა იქნება ტურისტისთვის ღამის გასათევი ადგილი, რომელსაც იქირავებს. ეს შეიძლება იყოს სტანდარული სასტუმროს ნომრის ტიპის ოთახი, სადაც უცხოელი ტურისტი თანხას გადაიხდის.  ასო ბგერის რამდენიმე ნაწილი შეიძლება ამ ფუნქციით დაიტვირთოს, რაღაც ნაწილი შეიძლება იყოს საგამოფენო პავილიონი და ა.შ. თითოეული ობიექტი მცირე ზომის არის, მაგრამ საკმაოდ ფუნქციური და შესაძლებელია სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდეს. სივრცე დაახლოებით უტოლდება 30-40 კვადრატულ მეტრს. პროექტში გათვალისწინებულია ანბანის 33-ვე ასო,“ - განმარტავს არქიტექტორი.

 

 

ანბანის ასოები განაწილებულია საქართველოს რუკის იმიტირებულ კონტურზე. ანუ, სივრცის ეს გარე კონტური იმეორებს საქართველოს რუკის ფორმას. ამასთან, ბილიკები ისეა განლაგებული, როგორც საქართველოს კუთხეები გამოიყოფა ერთმანეთისგან. ტურისტული ცენტრის მთლიანი ფართი 10 000 კვადრატულ მეტრს ითვალისწინებს.

 

 

 

 

„როგორც აჭარა, ქართლი,  კახეთი და სხვა კუთხეები გამოყოფილია ერთმანეთისგან, სწორედ ასევეა ამ სივრცეში ბილიკების განლაგება. პროექტის განხორციელების ადგილად ოპტიმალური იქნება თბილისი ან თბილისთან ახლომდებარე ტერიტორია, რათა რაც შეიძლება მეტი ტურისტისთვის იყოს ეს  სივრცე ხელმისაწვდომი. დიდი დელეგაციებისთვის, რომლებიც თბილისს სტუმრობენ ხოლმე, ეს ძალიან კარგი ადგილი იქნება. 

 

აქცენტი გაკეთებულია საქართველოს ისტორიაზე, ქართულ დამწერლობაზე. აქამდე არ ყოფილა შემთხვევა რომ ვინმეს  შენობებად ექცია ჩვენი ქართული უნიკალური ანბანი. ფასადებზე, რომელიც შეიძლება იყოს  როგორც გალერეა, ასევე კომერციული ფართი, გვინდა რომ გარეთ მოსიარულე ადამიანებისთვისაც ამ სკვერში ეს ასო ბგერები იყოს ისტორიის მომყოლი. ამისთვის გამოვიყენეთ ფრაგმენტები ძირითადად აფხაზეთის ტაძრების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან. რადგან საქართველოში ჩამოსული ტურისტი აფხაზეთში ვერ მიგვყავს, ვიფიქრეთ, რომ ამ ფორმით გადმოვცეთ ინფორმაცია. ნებისმიერი სივრცე შეიძლება იყოს გამოყენებილი იყოს როგორც კოტეჯი, გალერეა, კვების ობიექტი ქართული სამზარეულოს დემონსტრირებისთვის და ა.შ.  პროექტზე „არტიტექის“ გუნდმა- ლევან ოთარაშვილმა და გიორგი ვოლსკიმ იმუშავეს. იდეა ცოტა ხნის წინ გავაჟღერეთ, მაგრამ უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიმედოვნებთ, რომ დაინტერესება შემდგომში მის რეალიზებასაც შეუწყობს ხელს,“ - ამბობს დადუნა შათაშვილი.

 

 

 

https://commersant.ge/ge/post/anbanis-formis-kotedjebi-da-galereebi-rogori-iqneba-qartuli-anbanis-turistuli-centri-fotoebi

right_banner right_banner
არქივი
right_banner