logo_geo
eng_logo
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
- +

21 იანვარი. 2021. 10:50

 

2008 წლის ომთან დაკავშირებით, საქმეზე „საქართველო რუსთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

 

საქმეზე მოსმენა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო 15:00 საათზე საქართველოს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგს გამართავს.

 

საქართველო აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთს ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მათ შორისაა: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; საკუთრების უფლება და სხვ. (სრულად: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი); განათლების უფლება (პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).

 

„საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, 2013 წლიდან მოყოლებული, რუსეთთან მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის მოსაგებად საქართველომ წარადგინა მყარი პოზიციები და მტკიცებულებები, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ უზარმაზარი სამუშაო გასწია. შესწავლილი, გაანალიზებული და სასამართლოსათვის მიწოდებული იქნა სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობის დოკუმენტი/მტკიცებულება.

 

სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება, მათ შორის: ვიდეო და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და სხვ.) და არაერთი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 2016 წლის 17 ივნისს საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს წარდგენილი წერილობითი პოზიციების შესწავლის სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯამში 33 მოწმეს მოუსმინა (მოწმეები გამოძახებული იყვნენ, როგორც საქართველოს და რუსეთის მიერ, ისე სასამართლოს ინიციატივით).

 

2018 წლის 23 მაისს სტრასბურგის სასამართლოში საქმეზე ზეპირი მოსმენა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველო მყარი პოზიციებითა და მტკიცებულებებით წარსდგა.

 

პირველადი საჩივარი საქმეზე საქართველომ, ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და მოითხოვა დროებითი ღონისძიების მიღება. ხოლო ოფიციალური სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს იქნა წარდგენილი. 2011 წლის 13 დეკემბერს სასამართლომ საქართველოს საჩივარი დაშვებულად გამოაცხადა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner