logo_geo
eng_logo
სტრასბურგის განაჩენი ჩემი შვილების გამარჯვებაა – აგვისტოს ომის გმირების ოჯახის წევრები
- +

21 იანვარი. 2021. 21:56

 

 

 

დღეს, სრულიად საქართველომ ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოდან პირველი გამარჯვება მოიპოვა.

 

მართალია, რუსეთის ოკუპაცია საქართველოს მიწაზე 2 საუკუნეს ითვლის, მაგრამ დღევანდელი საერთაშორისო სამართლებრივი განაცხადი პირველია, აქამდე რუსული შეიარაღებული აგრესია ხან ძმათა ომად ცხადდებოდა, ხან აფხაზეთის, ხან კი, სამაჩაბლოსი… ყველა შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის და სახელმწიფოს ჩამოშლის მიზნით, რუსეთი თავს გვესხმოდა.

 

დღეს, სტრასბურგიდან ხმა დანარჩენ მსოფლიოს მისწვდა. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, საქართველო ომის წამომწყებ აგრესორად ვეღარასოდეს ჩაითვლება. დღეს, ამ განცხადებით, თითოეული ქართველი ამაყობს, თითოეული ქართველის ღირსების სასარგებლოდ იქნა გადაწყვეტილება მიღებული და ახლა, 12 წლის შემდეგ, თითოეულ მებრძოლს ბრძოლის მიზანი და ჟინი გაუმართლდა…

 

“პრაიმტაიმი” აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს დაუკავშირდა. გმირების ოჯახებს ზუსტად ერთიდაიგივე პასუხები აქვთ: გული ძალიან ტკივათ, რომ მათი გმირი ბიჭები დღევანდელ გამარჯვებას მათთან ერთად ვერ ზეიმობენ. გმირების ოჯახები დღეს, ამ 12 წლის მანძილზე ყველაზე გახარებულები არიან და იმედოვნებენ, რომ მათ შვილებს, ძმებს, მეუღლეებს ვერვინ ვეღარ დაადანაშაულებს ვერც ომის წამოწყებაში, ვერც დე ფაქტო ცხინვალზე თავდასხმასა და ვერც აგრესორობაში. დღეს, ცივილიზებული სამყარო ერთხმად შეთანხმდა, რომ რუსეთი საქართველოში ოკუპანტია, რომ საქართველო 2008 წელს თავს იცავდა და მებრძოლების თავდადებას აზრი ჰქონდა… ისინი ჩვენი უსაფრთხოების დაცვასა და ქართული სახელმწიფოს მთლიანობის იდეას შეეწირნენ…

 

გაუტეხაობის, სახელმწიფო სიმბოლიკის ხელშეუხებლობის, საქართველოს სინდისის, ვაჟკაცობის, თავდადებისა და სიკვდილის სიცოცხლეშივე დამარცხების სიმბოლოდ ერთი კაცი იქცა, ის გიორგი ანწუხელიძეა. გმირი, რომელიც რუსულ ტყვიას და ბომბს რუსეთთან შეტაკებისას გადაურჩა, თუმცა ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაზე სრულიად შეგნებულად უარს შეეწირა. ამ თავგანწირვამ გიორგი ანწუხელიძის სახელი და გვარი საქართველოს ისტორიაში ეპიტაფიად ოქროს ასოებით თავისთავად ამოტიფრა. ალბათ, მაშინ არ უფიქრია, რომ ის თითოეული ქართველის გმირი გახდებოდა, რომ ყველას თავისი წილი გიორგი ანწუხელიძე ეყოლებოდა, რომ ის ერთიანი საქართველოს იდეის განუყოფელ ნაწილად იქცეოდა…

 

„პრაიმტაიმი“ დიდი ქართველის, ნამდვილი გმირის მეუღლეს, მაკა ჩიკვილაძეს დღევანდელ მოვლენებზე სასაუბროდ დაუკავშირდა. ის ამ ისტორიულ დღეს პირველ რიგში, გიორგის ულოცავს, მერე ყველა თანამებრძოლს და ბოლოს, სრულიად საქართველოს…

 

„ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ გადაწყვეტილებამ. მიხარია, რომ საქართველოს გამარჯვება დაიწყო. ვულოცავ გიორგის, მებრძოლ ბიჭებს და ყველას, ვისაც ამ საკითხზე გული შესტკიოდა. ჩემთვის ძალიან საამაყოა და უდიდესი პასუხისმგებლობაა გიორგი ანწუხელიძის ცოლობა.

 

დღეს, უდიდესი სიხარული მქონდა, დადასტურდა, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია. ეს პირველ რიგში, ჩვენი ბიჭების გამარჯვებაა“,- ამბობს გმირი ანწუხელიძის მეუღლე.

 

 

 

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოები, სადაც მისი წამების კადრები იყო ასახული – გიორგი ანწუხელიძემ სიცოცხლის ფასად უარი თქვა საქართველოს დროშის შეურაცხყოფაზე.  2013 წლის 2 ნოემბერს “თუშების სადროშომ” გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა.

 

2008 წლის აგვისტოს ომში, მისი ორი შვილი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქართული მიწის განუყოფელობას შეეწირა. ძნელია იმ განცდების გადმოცემა, რომელიც მისი მოსმენისას გამიჩნდა… ღირსებით სავსე მამაკაცს ვესაუბრებოდი, რომლისთვისაც ქართული სახელმწიფო უზენაესია. ამბობს, რომ დღეს ყველაზე მეტად გახარებულია, რადგან სტრასბურგში საქართველოსთან ერთად მისმა ბიჭებმა გაიმარჯვეს…

 

მურაზ რომელაშვილი დეოკუპაციის პროცესის დაწყებას ელოდება. ის ცხინვალში აუცილებლად შევა, შევა გამარჯვებულ საქართველოსთან ერთად…

 

„ჩემთვის სტრასბურგის განაჩენის მოსმენა, ჩემი შვილების გამარჯვებას ნიშნავს, რასაც ისინი შეეწირნენ, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ… მართალია, ჩემი შვილები დაიღუპნენ, მაგრამ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ გაიმარჯვა და მათთან ერთად, ჩემმა ბიჭებმაც გაიმარჯვეს. გმირების მამის სტატუსი ჩემვის იმას მანიშნებელია, რომ დავბრუნდებით ჩვენს ცხინვალში. ჩემი შვილები ცხინვალში დაიბადნენ და ცხინვალში დაიღუპნენ. მჯერა, რომ მალე დეოკუპაციას მოვესწრები და ცხინვალში დავბრუნდები.

 

იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს და მასთან ერთად მებრძოლ ბიჭებს ცხინვალზე თავდასხმაში ადანაშაულებდა, ვეტყოდი, რომ ბოლოს და ბოლოს, ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს რუსეთი დაესხა თავს და ჩვენ, თავი დავიცავით. ჩემი ბიჭების ნაირები სამშობლოს იცავდნენ.“ – ამბობს გმირი რომელაშვილების მამა.

 

მან ზუსტად იცის, რატომ აღარ ჰყავს ქმარი, რას შეეწირა ის და რატომ არის გმირის მეუღლე… „პრაიმტაიმი“ გიორგი რომელაშვილის ცოლსაც ესაუბრა.

 

ნათია გოგიშვილი გმირის მეუღლეა და ამ სტატუსით ის ამაყობს, პასუხისმგებლობასაც გრძნობს და ამ ტრაგედიას სწორედ ამ განცდებით უმკლავდება.

 

„ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ მიხარია, რომ მსოფლიომ აღიარა რუსული აგრესია. ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ დამნაშავეები არ ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და ჯარისკაცებს ადანაშაულებდნენ, რომ ომი მათ დაიწყეს… ვინც ასე ამბობდა, მათთვის არაფრის თქმა არ მინდა, მათი აზრი ჩემთვის საინტერესო არასოდეს ყოფილა. სამწუხარო კი ისაა, რომ საკმაოდ გავლენიანი ადამიანები საუბრობდნენ ამ კონტექსტში. საინტერესო კი ისაა, რას იტყოდნენ დღეს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ?!

 

ჩვენ 1992 წელს ცხინვალიდან გამოგვდევნეს და დევნილები ვიყავით. მერე 2008 წლის ომი იყო, სადაც ჩემი მეუღლე დაიღუპა. გმირის ცოლობა საკმაოდ საამაყო და საპასუხისმგებლოა იმ უდიდეს ტკივილთან ერთად, რომელშიც უკვე 12 წელია ვცხოვრობ…“  – ამბობს გმირის მეუღლე, ნათია გოგიშვილი.

 

 

ძმები, გია და გელა რომელაშვილები, როცა ცხინვალიდან დევნილები გახდნენ,  1991 წელი იყო, მაშინ გია 11 წლის იყო, გელა 7-ის. დევნილი ძმები  მშობლიურ ქალაქში 17 წლის შემდეგ, 2008 წლის 8 აგვისტოს დაბრუნდნენ, დაბრუნდნენ სამუდამოდ… მათ იქ დალიეს სული, სადაც დაიბადნენ… ძმები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლიდან ირიცხებოდნენ. გია ოცმეთაური იყო, გელა ოცეულის მემიზნე. ცხინვალში, სატანკო კოლონას წინ 406-ე ტანკი მიუძღოდა, რომელშიც ორ ჯარისკაცთან ერთად მეთაური – გია რომელაშვილი – იმყოფებოდა. უკან გელას ტანკი მიჰყვებოდა. გია რომელაშვილმა მის უკან მომავალი ტანკების აფეთქება ვერ გაიგო და გზა გააგრძელა, მისი კვალი აქედან იკარგება.

 

რაც შეეხება გელას, აფეთქების შემდეგ, ტანკიდან ამოსვლა მოახერხა, ახლომდებარე შენობაში შევარდა, თუმცა იქ რუსებისა და ოსების შტაბი აღმოჩნდა, ტყვედ აიყვანეს, აწამეს და შემდეგ მოკლეს.

 

2008 წლის 25 დეკემბრამდე ორივე ძმა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, დნმ-ის ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ ოკუპაციის ზონიდან გადმოსვენებული ბოლო 10 ჯარისკაცის ცხედრიდან ერთ-ერთი გელა რომელაშვილის იყო.

 

გიას სამუდამო განსასვენებელი კი… სიკვდილის შემდეგ ძმები რომელაშვილები ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის მედლით დაჯილდოვდნენ. 2016 წელს გორის ერთ-ერთ ქუჩას ძმები რომელაშვილების სახელი მიენიჭა. 2011 წელს კი, ვერხვების დევნილთა დასახლებაში, მათი სახელობის სკვერი გაიხსნა.

 

მამა, მეუღლე, ახლა და … მათ ერთი სევდა, ერთი ღირსება და ერთი სიხარული აერთიანებთ. ისინი დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები არიან, ისინი მათი დაღუპული მებრძოლების დღევანდელი გამარჯვებით ხარობენ და ისინი სხვადასხვა გვარ-სახელის, მაგრამ გმირის ოჯახის წევრები არიან…

 

„პრაიმტაიმი“ არტემ ბალახაშვილის დას ესაუბრა. მას გული წყდება, რომ გმირი ძმა ახლა ცოცხალი არ არის და საქართველოს დღევანდელ გამარჯვებას ვერ გაიგებს. სწყინდა, რომ 12 წელი საქართველოს დამნაშავეობაზე ფრთიან ფრაზებს ისმენდა, სწყინდა, რომ პირდაპირ თუ ირიბად, მისი ძმის სამშობლოსთვის თავგანწირვას ვიღაცები დანაშაულად აცხადებდნენ…

 

„დღეს, მე და მამა ვსაუბრობდით სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე და მამა ამბობდა: „ჩემს შვილს აღარაფერი ეშველებაო“, მაგრამ ძალიან კარგია, რომ რუსეთის რეალური სახე მსოფლიოსთვის ცნობილი სტრასბურგიდან გახდა.

 

ჩვენთვის, ისევე როგორც დანარჩენი მებრძოლებისა და მათი ოჯახებისთვის, ძალიან გულგასატეხი იყო როცა საქართველოს და ჩვენს ჯარისკაცებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდნენ. ისინი დამნაშავეები არ ყოფილან, ისინი ჩვენს სამშობლოს იცავდნენ. ცუდია, რომ ამდენი უარყოფითი გამოხმაურება, შეფასება და განცხადება მოჰყვა, ძალიან საწყენი იყო…“  – ამბობს გმირის და.

 

 

 

2008 წლის აგვისტოს ომში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეს მკვიდრი არტემ ბალახაშვილი დაიღუპა.

 

22 წლის კაპრალი არტემ ბალახაშვილი 11 აგვისტოს, ცხინვალის რაიონის სოფელ ბროწლეთში რუსული ავიაციის მიერ ჩამოგდებულმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა.

 

ჯარისკაცის მამა, გურამ ბალახაშვილი შვილთან უკანასკნელ საუბარს ასე იხსენებს: „ცხინვალში მივდივართ, ომი დაიწყო, დედაჩემს არ უთხრა.”

 

P.S. რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტია! დიდება გმირებს!

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner