logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: ჩვენი ჯარის საუკეთესო კვებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თავდაცვის უწყება და მინისტრს პირად კონტროლზე აქვს აყვანილი
- +

24 იანვარი. 2021. 16:14

 

 

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის უწყებაში, ინსტიტუციურ დონეზე დანერგილია შესყიდვებისას ხარვეზების სწრაფი აღმოჩენის ეფექტიანი მექანიზმი, რაც გამორიცხავს ჯარის უხარისხო პროდუქციით მომარაგებას და მსგავსი ფაქტების განმეორების პრევენციას“, - ასე აფასებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, მედიაში სამხედროების უხარისხო კვებით მომარაგების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

 

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს მიერ, საკვები პროდუქტების მიმწოდებელ ერთ-ერთ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტაც, მხოლოდ და მხოლოდ ხარისხის კონტროლის ამ ინსტრუმენტების ეფექტიანობას ადასტურებს.

 

„თავდაცვის უწყებაში დანერგილი მიდგომა „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“ მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყველა მიმართულებით საუკეთესო პირობების უზრუნველყოფას, მათ შორის უმაღლესი ხარისხის უნიფორმას, ფეხსაცმელს, სამედიცინო მომსახურებას და სარეაბილიტაციო პირობებს.

 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს მიდგომა პირველ ყოვლისა გულისხმობს ჩვენი ჯარის საუკეთესო კვებას, რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თავდაცვის უწყება და პირად კონტროლზე აქვს აყვანილი თავდაცვის მინისტრს.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის უწყებაში, ინსტიტუციურ დონეზე დანერგილია შესყიდვებისას ხარვეზების სწრაფი აღმოჩენის ეფექტიანი მექანიზმი, რაც გამორიცხავს ჯარის უხარისხო პროდუქციით მომარაგებას და მსგავსი ფაქტების განმეორების პრევენციას. სწორედ ეს მექანიზმები უზრუნველყოფენ სურსათის მაღალ ხარისხს NATO-ს სტანდარტების შესაბამისად და ხარისხის მონიტორინგს. თავდაცვის სამინისტროს მიერ, საკვები პროდუქტების მიმწოდებელ ერთ-ერთ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტაც, მხოლოდ და მხოლოდ ხარისხის კონტროლის ამ ინსტრუმენტების ეფექტიანობას ადასტურებს. რაც შეეხება უწყების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს, ისინი კანონის სრული დაცვით, ქვეყნის და ჯარის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება.

 

მე ვისურვებდი, რომ ცალკეულმა მედიასაშუალებებმა ობიექტურად გააშუქონ თავდაცვის უწყებაში განხორციელებული შინაარსობრივი და მასშტაბური ნაბიჯები, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი ჯარის საბრძოლო მზადყოფნა, NATO-სთან თავსებადობა და ჩვენს ქვეყანას დიდი წარმატება მოუტანა, რაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაზრდილ ნდობაში, აღიარებასა და მხარდაჭერაში ვლინდება.

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ყურადღებით აკვირდება და მაღალ შეფასებას აძლევს უწყებაში მიმდინარე ამბიციურ რეფორმებს, რასაც მინისტრი ღარიბაშვილი და მისი გუნდი ახორციელებს“, - აცხადებს ბერაია.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, უხარისხო საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე განცხადება გააკეთა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner