როდესაც ომბუდსმენი საუბრობს ე.წ. მაყურებლებზე, ჩვენ მას მოვუწოდებთ, წარმოადგინოს კონკრეტული ფაქტები, რათა ჩვენ შემდგომ მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება, - ამის შესახებ გიორგი პატარიძემ „იმედის კვირასთან“ საუბარში განაცხდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ციხეს ადმინისტრაცია მართავს, ბრძოლა კრიმინალურ სუბკულტურასთან კი მუდმივად მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პატიმარი სხვა პატიმარზე გავლენის მოხდენას ცდილობს, ის დახურულ დაწესებულებაში გადაჰყავთ.
„შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ე.წ. სუბკულტურის მიმდევრები არიან და სწორედ მათ აქვთ განცდა, რომ ზეგავლენა მოახდინონ სხვა მსჯავრდებულებზე. თუმცა, სწორედ მსგავსი ფაქტები იდენტიფიცირების შემთხვევაში ხდება ხოლმე კონკრეტული მსჯავრდებულების ნახევრად ღია დაწესებულებებიდან დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანა. გასული 2 წლის განმავლობაში გვაქვს დაახლოებით 100 ასეთი შემთხვევა“, - აღნიშნავს პატარიძე.
„იმედის კვირა“ პატიმრებსაც გაესაუბრა, რომლებიც ამბობენ, რომ ციხეში არსებულ სიტუაციაზე სახალხო დამცველის მხრიდან ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.
სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება 20 იანვარს გაავრცელა.