დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ანტივაქსერული მოძრაობა ძლიერია და მოსახლეობის მხოლოდ 40-60%-ია თანახმა, რომ აიცრას.
გამყრელიძემ ვაქცინაციისადმი დამყოლობის გაზრდის პროცესში მედიის როლს გაუსვა ხაზი და იმედოვნებს, რომ მომხრეთა რაოდენობა 70-80 პროცენტამდე გაიზრდება.
„ანტივაქსერული მოძრაობა ძლიერია, ნაწილი ვაქცინაზე უარს იტყვის, მედიის როლი აქ დიდია, მოსახლეობა უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს აუცილებელია. დღევანდელი სოციოლოგიური გამოკითხვებით, სადღაც 40-დან 60 პროცენტამდე მომხრეა, რომ აიცრას, არ არის ცუდი მაჩვენებელი იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებში ეს სხვადასხვაა, თუმცა ჯობია, რომ დამყოლობა იყოს 70-80 პროცენტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“.
მისივე განცხადებით, ქვეყანაში მილიონი აცრის სიმძლავრეებია მობილიზებული და მისი 1 700 000-მდე გაზრდა იგეგმება.
„გეგმით გვაქვს, რომ 1 700 000 ადამიანი ავცრათ ორჯერადათ ანუ 3 900 000 დოზა ვაქცინის, მილიონი აცრის სიმძლავრეები ქვეყანაში არის, შესაბამისად მასობრივი კამპანიის დროს უკვე გათვლილია, სად როგორ უნდა გაიზარდოს ეს სიმძლავრეები და როგორ უნდა მოხდეს ადამიანების დამატებითი გადამზადება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“.