NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში ევროკავშირისა და NATO-ს მხარდაჭერა კვლავ მაღალია.
კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 2020 წლის ივნისთან შედარებით, 4 %-ით, 76-დან 80 პროცენტამდე გაიზარდა იმ რესპონდენტთა რიცხვი, რომელთათვისაც მისაღებია ქვეყნის გაცხადებული მიზანი, ევროკავშირის წევრობა. ევროკავშირის წევრობის სურვილი მიუღებელია 12 პროცენტისთვის, არ იცის – რვა პროცენტმა.
2020 წლის ივნისთან შედარებით, 69 პროცენტიდან 74 პროცენტამდეა გაზრდილი NATO-ში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა. შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, მოსაზრება მისაღებია 74 პროცენტისთვის, მიუღებელია 16 პროცენტისთვის, არ იცის ცხრა პროცენტმა.
კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.