logo_geo
eng_logo
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთთან დაკავშირებით მომზადებულ პროექტს ხვალ უყრის კენჭს
- +

27 იანვარი. 2021. 12:51

 

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილების პროექტი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითვალისწინებს. ამის შესახებ ნათქვამია ავსტრიელი დეპუტატის, შტეფან შენახვის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

 

აღნიშნული დოკუმენტი მას შემდეგ მომზადდა, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ნაწილმა, მათ შორის საქართველოს დელეგაციამ, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება გაასაჩივრა.

 

პროექტის ავტორი გამოდის წინადადებით, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აღიაროს, რომ რუსეთი ევროსაბჭოს ზოგიერთ ვალდებულებას არ ასრულებს და ბოლო პერიოდში ამ კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია. თუმცა, ამასთან ერთად, სანქციების დაწესებაზე უარი თქვას, რათა მოსკოვთან დიალოგი გაგრძელდეს. პროექტის მიხედვით, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე უნდა ცნონ.

 

ამასთან ერთად, ავსტრიელი დეპუტატის მიერ მომზადებულ დოკუმენტში გაკრიტიკებულია რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც რუსეთს ეძლევა უფლება, არ შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე მოსკოვის მიერ გადადგმული დამატებითი ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია ყირიმის უკანონო ანექსიის გაგრძელებისკენ.

 

დოკუმენტში საუბარია საქართველოზეც. კერძოდ, პროექტის ავტორი აღნიშნავს, რომ „აღმოსავლეთ უკრაინის, ყირიმისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის, საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნების მიუხედავად, სამწუხაროდ, პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა“.

 

ამის გარდა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთში „ავტორიტარული მმართველობის ტენდენციების გამწვავებას“. ცალკე თავი ეთმობა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებას და რუსეთში საპროტესტო აქციების ჩახშობას.

 

მიუხედავად ამ კრიტიკისა, პროექტი არ ითვალისწინებს რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას და ამის მიზეზად „დიალოგისკენ მისწრაფებას“ ასახელებს. აღნიშნულ პროექტში ცვლილებების შეტანის მიზნით შენიშვნების ინიცირება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს დღეს შეუძლიათ. ხვალ, 28 იანვარს კი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პროექტს კენჭს უყრის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner