logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: კარგია, რომ დღეს ვსაუბრობთ წიწაკის სპრეიზე და არ ვსაუბრობთ ტყვიებზე, ხალხის დასისხლიანებაზე
- +

24 თებერვალი. 2021. 16:53

 

 

„კარგია, რომ დღეს ვსაუბრობთ წიწაკის სპრეიზე და არ ვსაუბრობთ ტყვიებზე, მომწამვლელ გაზსა და ხალხის დასისხლიანებაზე“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა.

 

მეტრეველმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება და ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები შეაფასა.

 

„სანამ ნიკა მელიას დაკავების თემაზე გადავიდოდეთ, გავიხსენოთ ის პრეისტორია, რაც ამ მოვლენას უძღვოდა წინ. მელიას გირაოს გადახდა რამდენჯერმე შესთავაზეს. ამაზე მან უარი მიზანმიმართულად თქვა. ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში ეს ადამიანი მიზანმიმართულად არღვევდა კანონს. ეს ფაქტია. მეორე საკითხი – გვახსოვს, რომ ივერი მელაშვილზე რამდენიმე საათში შეგროვდა გირაოს თანხა, ამ შემთხვევაშიც ასე შეეძლოთ მის თანამოაზრეებს, ნიკა მელია ამ უხერხული სიტუაციიდან დაეძვრინათ. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მიზანმიმართული აქტი და სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებაა, რასაც, ბუნებრივია, ნებისმიერი თავმოყვარე მთავრობა სახელმწიფო შესაბამისად უნდა აღუდგეს, ადამიანებს არ მისცეს მსგავსი პრეცედენტის დაშვების საშუალება. არის სხვა უამრავი ადამიანი, რომელიც პატიოსნად იხდის გირაოს თანხას. მაშინ რა დაააშავა ამ ხალხმა? ამიტომ, ეს იყო მიზანმიმართული გალაშქრება, რასაც შესაბამისი რეაქცია მოჰყვა. მე არც ველოდი, იმდენად სუფთად ჩაატარა შსს-მ დაკავების ოპერაცია. კარგია, რომ დღეს ვსაუბრობთ წიწაკის სპრეიზე და არ ვსაუბრობთ ტყვიებზე, მომწამვლელ გაზსა და ხალხის დასისხლიანებაზე. იქ ერთი ადამიანი იყო, ყველასთვის ცნობილი ბატონი გიორგი ბარამიძე, რომელიც ამას აპროტესტებდა. გვახსოვს, ეს ადამიანი ვერტმფრენიდან ყუმბარმტყორცნებით ხოცავდა ჩვენს მოქალაქეებს. ასეთი დაკავებები ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. 26 მაისიც გვახსოვს და 7 ნოემბერიც. ამიტომ, ამის შემდეგ ჩვენ რომ გვამებზე არ ვსაუბრობთ და ადამიანები არ არიან დასისხლიანებულები, ძალიან კარგია. კარგად გადავხედოთ ჩვენს ისტორიას, მგონი, უფრო შავბნელ ღამეებს ვიპოვით“, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

 

მისივე თქმით, გუშინ ოპოზიციამ ქუჩაში პარტაქტივი გამოიყვანა. მეტრეველმა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოხმაურებებიც შეაფასა.

 

„რაც შეეხება საგარეო მიმართულებასა და იმ კითხვებს, რაც ჩვენი დასავლელი პარტიონირების მხრიდანაა. ამას ველოდი, არც გამიკვირდება. თუნდაც 2013 წელს გვახსოვს, ჩვენი ევროპელი მეგობრებისგანაც ვანო მერაბიშვილზე უარესი განცხადებები კეთდებოდა. აქ მთავარი არის ის განცხადება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა, ჯო ბაიდენის მრჩეველმა გააკეთა. რა თქმა უნდა, მათ აღნიშნეს, რომ არის შეშფოთება, მაგრამ არავითარი საუბარი დემოკრატიის უკუსვლასა და ა.შ. არ არის. აქ არის საუბარი იმაზე, რომ დაპირისპირებულ მხარებს შორის გააზრებული დიალოგი იყოს. ზოგადად, როცა არის საუბარი იმაზე, თუ ვის აწყობს ეს, რა თქმა უნდა, აწყობს რუსეთს. ამავე დროს, ჩვენი ზოგი მეგობრისა და ფსევდომეგობრის განცხადებები ქართველ ხალხში ზუსტად ანტიდასავლურ დამოკიდებულებას აღვივებს. ხალხი ძალიან კარგად ხედავს, რა ხდება ქვეყანაში და იაზრებს, ვინაა პოლიტპატიმარი და ვინ – არა. ჩვენ ვნახეთ ე.წ. გაბრაზებული ხალხის რაოდენობა ქუჩებში. მე ყველა ადამიანის პროტესტს ვცემ პატივს, მაგრამ ეს იყო მათი პარტაქტივი. საერთოდ, ბოლო წლების განმავლობაში ამ 40 პარტიას რამდენიმე ასეული ადამიანის მეტი ქუჩაში ვერ გამოჰყავს. ეს არის ნათელი ფაქტი.

 

როდესაც გიორგი გახარია გადადგა, ეს ადამიანები მაშინვე ერთად გამოლაგდნენ და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა დააყენეს. არავითარ ბმაში არ არის ვადამდელი არჩევნები და ნიკა მელიას დაკავება-არდაკავება. ეს არის უიდეო, დესტრუქციული ძალების მხრიდან ფსევდო ქაოსის მოწყობის მცდელობა. ამ ადამიანებს არავითარი ძალა, რესურსი არ აქვთ. ეს გუშინაც ვიხილეთ. არავითარი მასობრივი ბრაზი არ არის საზოგადოებაში.

 

ვიხსენებ 2012 წლამდე აქციების მასშტაბებსა და იმ მუხტს. ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ნებისმიერ წუთს, ნებისმიერი საშუალო ზომის ქალაქში 50 000 კაცის გამოყვანა შეეძლო. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს 40 პარტიას დედაქალაქში მაქსიმუმ 10 000 კაცის გამოყვანის რესურსი ან აქვთ, ან არ აქვთ“, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner