logo_geo
eng_logo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ტაფტსის უნივერსიტეტის (აშშ) სამართლისა და დიპლომატიის ფლეტჩერის სკოლამ ერთობლივი ონლაინ მრგვალი მაგიდა გამართეს
- +

25 თებერვალი. 2021. 10:26

 

2021 წლის 24 თებერვალს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მის პარტნიორ ტაფტსის უნივერსიტეტის (აშშ) სამართლისა და დიპლომატიის ფლეტჩერის სკოლასთან ერთად, უმასპინძლა მაღალი დონის საერთაშორისო ერთობლივ ონლაინ მრგვალ მაგიდას თემაზე: „გეოპოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში: გავლენა აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე“.

 

ღონისძიების მოდერატორი გახლდათ დებორა ნათერი, ყოფილი უფროსი ასოცირებული დეკანი და ფლეტჩერის სკოლის პრაქტიკის პროფესორი.

 

მრგვალი მაგიდის ძირთადი კითხვები იყო:

 

- რა ინტერესები აქვს შეერთებულ შტატებს სამხრეთ კავკასიაში?

 

- როგორ შეიძლება შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყოს რეგიონალური სტაბილურობის შენარჩუნებას და მთიან ყარაბაღში, ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად?

 

- როგორ შეიძლება დაუპირისპირდეს შეერთებული შტატები რუსეთის, ჩინეთის, თურქეთისა და ირანის რეგიონალურ ინტერესებს? როგორ შეიძლება მოხდეს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოლიტიკის კოორდინაცია სამხრეთ კავკასიის მიმართ?

 

- როგორ შეიცვლება აშშ-ს პრიორიტეტები რეგიონში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში? გააფართოებს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ს დემოკრატიული ცვლილებების, უკეთესი მმართველობისა და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო ინტეგრაციის მხარდაჭერას?

 

ამ საკითხების გარშემო მსჯელობდნენ:

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, განათლების საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი, ზურაბ ხონელიძე;

 

ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის GMAP პროგრამის კურსდამთავრებული, აშშ-ში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ლაშა კასრაძე;

 

არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშვიდობის სწავლების ცენტრის დირექტორი, დოქტორანტი ლევან გერაძე;

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თორნიკე შურღულაია;

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, ბატონი ვალერი ჩეჩელაშვილი;

 

საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის (FPRI) მკვლევარი და ევრაზიის პროგრამის დირექტორის მოადგილე, ქალბატონი მაია ოთარაშვილი;

 

ფლეტჩერის სკოლის საერთაშორისო ისტორიის ასისტენტი, რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის თანადირექტორი, ბატონი კრის მილერი.

 

გთავაზობთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის სიტყვას:

 

„პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის ზღურბლზე მყოფი საქართველოს განვითარებადი ქვეყნის სტატუსი, მინიჭებული ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, გეოგრაფიული ცნება უფროა, ვიდრე სახელმწიფოებრივი.

 

ჩემი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზანია ქართული საზოგადოებას, ე.წ. პოლიტიკურ ელიტას, რომლის დიდი ნაწილი ყალბია, შევახსენოთ არა მხოლოდ ცნება „სამშობლო“ (რაც ისედაც ვიცით და ხშირად გაუცნობიერებლად ვეწირებით კიდეც), არამედ „თანამედროვე სახელმწიფოს“ მნიშვნელობა, რომელიც სამშობლოსთვის გაცნობიერებულად, შეუწირავად სამსახურის შესაძლებლობას იძლევა.

 

ცხადია, ქვეყნის მომავალი თავისით არ მოდის, ის ადამიანებს საკუთარი ძალისხმევით მოჰყავს. აუცილებელია სტრატეგიული აზროვნება და, პირველ რიგში, წესრიგის დამყარება ჩვენს აზროვნებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არც ქვეყანაში დამყარდება. ამის ნათელი მაგალითია საქართველოში დღევანდელი მდგომარეობა.

 

ამდენად, გადაუდებელ ამოცანად მიგვაჩნია გავიაზროთ, რომ:

 

 – საქართველო რელიგიურად, ისტორიულად და გეოგრაფიულად იმ გეოპოლიტიკურ, გეოეკონომიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ ინტერესთა გადაკვეთის ეპიცენტრშია, რომელსაც არამხოლოდ ქართული, არამედ, სამხრეთ კავკასიური, ერთიანი კავკასიური სოციო-კულტურული და პოლიტიკური სივრცე ჰქვია. ჩვენი ბედ-იღბალის განსაზღვრა სცილდება ქვეყნის საზღვრებს, იძენს რეგიონულ და გლობალურ მასშტაბებს.

 

– ქვეყანა სივრცითი მოვლენაა, როგორც ცხოვრობს, აგრეთვე ქმნის სივრცეს, ვერ იტანს სიცარიელეს და ხასიათდება სივრცისთვის დამახასიათებელი ყველა სხვა თვისებით (იბადება, იზრდება და კვდება);

 

– საქართველო, რომ იქცეს ორგანულად მთლიან, ერთიან მულტიეთნიკურ ქართულ სახელმწიფოდ, აუცილებელია პოლიტიკის ძირითადი რეგულატორის – დამატებითი ინტერესისა და მსოფლიო მომწესრიგებელ ძალთა წონასწორობის დაცვით შეიძინოს მსოფლმხედველობისა და გარემო პირობების შესაბამისი საერთაშორისო ფუნქცია, დაასაბუთოს ერთიანი სივრცის საჭიროება, მათ შორის გარე სამყაროსათვის.

 

მიზნის რეალიზაციამ უნივერსტიტეტისაგან არა მხოლოდ ტრანსფორმაცია, არამედ, ხარისხობრივად ახალი ცოდნის – ახალი სიცოცხლის წარმოქმნა მოითხოვა. სწორად ამას ემსახურება ჩვენი სამენოვანი წიგნი – „მშვიდობის ქართული პარადიგმა“. იგი შედგება ორი პროექტისაგან -

 

  1. „საუნივერსიტეტო დიპლომატია“, რომელიც არა მხოლოდ ქართლი, არამედ გლობალური პრობლემის – კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ახალი მოდელია, რამაც უნივერსიტეტის ტრანსფორმაცია და დამატებით, არასაუნივერსიტეტო რესურსის სახით, მეორე აუცილებელი სუბიექტის – დიპლომატის მოძიება და მასთან შერწყმა განაპირობა. ორი თავსებადი თვისობრიობის – უნივერსიტეტისა და დიპლომატიის ერთობამ ჩამოაყალიბა ახალი პარადიგმა: „თეორიიდან ქმედებისაკენ“, შექმნა საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის არა კლასიკური, ან ფორმალური, არამედ, სრულიად ახალი სახეობა – „საუნივერსიტეტო დიპლომატია“, როგორც სისტემის შემქმნელი (და არა მსახური) თავისთავადობა, პარადიგმა - მშვიდობის უზრუნველყოფის ახალი მეთოდოლოგია.

 

  1. „სამხრეთ კავკასია – ახალი გეოპოლიტიკური სივრცე“. კავკასიას განვიხილავთ, როგორც მხოლოდ კულტურულ-ცივილიზაციურ ერთობად. ხოლო სამხრეთ კავკასიას სუვერენულ სახელმწიფოებისაგან შემდგარ იმ ერთიან რეგიონულ სივრცედ, რომელიც პრაქტიკულად არასოდეს დაკარგავს თავის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას (პირიქით), მართალია იგი მისი შემადგენელი ქვეყნების, ხალხების, საერთო სახლია, მაგრამ, ისტორიული, ასევე მორალური თვალსაზრისით მათგან ერთადერთს – საქართველოს, შესწევს უნარი გლობალური, რეგიონული და ნაციონალური ინტერესების ბედნიერ მორიგებაში, ერთმანეთის შეუბღალავად შეცვალოს საკუთარი, ასევე მეზობელი სახელმწიფოების ბედი, გადამწყვეტი როლი ითამაშოს ახალი – ერთიანი რეგიონული მოდელის შექმნაში, ამ გზაზე კი დანარჩენებიც თანამონაწილენი გახადოს.

 

სამხრეთ კავკასია, სადაც იმარჯვებს რეგიონული პოლიტიკის იდეა, თუ არ მოხდა გაჟღერებული პლატფორმის შექმნა, ვფიქროთ, არსებობს საფრთხეები, რომ:

 

  1. დაირღვევა რეგიონის ერთიანი ეთნო-კულტურული სივრცე და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შეეზღუდება თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების საშუალება (სუვერენიტეტი);

 

  1. სამხრეთ კავკასიის ნანატრი დეოკუპაციის ნაცვლად, ხელს შევუწყობთ ოკუპაციის პროცესსა და მის ლეგიტიმაციას;

 

III.       ინტეგრაციის ნაცვლად გაგრძელდება სახელმწიფოთა ერთმანეთისაგან გამიჯვნის პროცესი და არსებული დე-იურე და დე-ფაქტო საზღვრების გარდა რეგიონში ახალი ტიპის საზღვრების წარმოქმნის მოწმენი გავხდებით“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner