logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის დაფიქსირებიდან ერთი წელი გავიდა, ამ პერიოდში ყველაფერი გაკეთდა იმაზე უკეთესად, ვიდრე ეს შეეძლო ჩვენი რესურსების ქვეყანას
- +

25 თებერვალი. 2021. 23:01

 

 

„შარშან, 26 თებერვალს დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში. ხვალ სრულდება ზუსტად ერთი წელი და ამ ერთმა წელმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა. ძალიან ბევრი რამ ისწავლა მსოფლიომ, მათ შორის ჩვენ, საქართველომ“,– ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

„როცა პანდემია იწყებოდა, არავის არ ეგონა თუ ეს იქნებოდა ესეთი მნიშვნელობის პრობლემა. კოვიდპანდემიამ დღეისთვის იმსხვერპლა ორ მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი და ავად გახდა 12 მილიონზე მეტი. ასეთი მასშტაბის პანდემია, ან ეპიდემია 21-ე საუკუნეში არ ყოფილა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო ე.წ ისპანკის სახელწოდებით ცნობილი. კოვიდპანდემიამ უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო ყველა მიმართულებით, როგორც ჯანმრთელობისა და ადამიანის ხელყოფის მიმართულებით, ისე ეკონომიკის პრობლემების მიმართულებით და ცხოვრების დონის გაუარესების თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში მათ შორის საქართველოში.

რაც დრო გადის მით უფრო იკვეთება ამ დაავადების ის თავისებურება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექციონია.

თუნდაც იმიტომ, რომ ის აზიანებს არა მარტო ფილტვებს, არა მარტო სასუნთქ სისტემას, არამედ აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს და ორგანოთა სისტემას ადამიანის ორგანიზმში. ძალიან სერიოზულად აზიანებს სისხლის შემდედებელ სისტემას და იწვევს თრომბების გაჩენას და თრომბოემბოლიზმს.

ეს დაავადება უკიდურესად არაპროგნოზირებადია. ითვლება, რომ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში და იმ ადამიანებში, ვისაც არ აქვს მძიმე თანმხლები დაავადებები, მაგრამ ეს არის მხოლოდ ტენდენცია.

დიახ, უფრო ხშირად ასეა, მაგრამ არა ყოველთვის. საკმაოდ ხშირია სასიკვდილო შემთხვევები ახალგაზრდებში, მათ შორის ძალიან ახალგაზრდებშიც და იმ პაციენტებშიც, ვისაც არანაირი თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა. ვისწავლეთ ის, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტი არ წარმოადგენს რისკის ჯგუფს, რამეთუ ის შეიძლება ძალიან სწრაფადაც დამძიმდეს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მსუბუქი დაწყების შემთხვევაშიც კი, ავადმყოფი შეიძლება, სწრაფად დამძიმდეს“,- აღნიშნა ცერცვაძემ.

 

როგორც ცერცვაძემ განაცხადა,  სტრატეგიულად ყველაფერი გაკეთდა იმაზე უკეთესად, ვიდრე ეს შეეძლო ჩვენი რესურსების ქვეყანას, და არა მარტო ჩვენი რესურსების.

 

„თუ ლაპარაკია ცალკეულ ჩავარდნებზე, რა თქმა უნდა, იყო ჩავარდნები. ხარვეზების გარეშე შეუძლებელია, რომ ასეთი დიდი ომი მოიგო.

მაგალითად სერიოზული ხარვეზი და ჩავარდნა იყო – როცა ჩვენ მოვახერხეთ გაზაფხული-ზაფხულზე პრაქტიკულად თავიდან აგვეცილებინა პირველი ტალღა და ეს მაშინ პირველ რიგში დაავადებათა კონტროლის ცენტრის და სახელისუფლებო გუნდის დამსახურება იყო, ნაკლებად ჩვენი კლინიკური ჯგუფის, ვინაიდან ავადმყოფები ძალიან ცოტა იყო.

მანდ დავუშვით სერიოზული შეცდომა, როცა ადრე ვირწმუნოთ, რომ კოვიდი დავამარცხეთ, რომ კოვიდი აღარ წარმოადგენდა საფრთხეს და პრაქტიკულად ყველაფერი გავხსენით. იყო დიდი მობილობა, მოსახლეობამ შეწყვიტა პირბადეების ტარება.

იყო ქორწილები, ქელეხები და ყველაფერმა ამან მოიტანა ის, რომ შემოდგომაზე მივიღეთ მკვეთრი მატება და ის უმძიმესი პერიოდი საქართველოსთვის, როცა დღეში ხუთი ათასი შემთხვევა ფიქსირდებოდა. ერთი პერიოდი მსოფლიოში პირველ ადგილზე ვიყავით მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით. ეს კი ჩავარდნა.

ამ ჩავარდნამ და რაოდენობამ აჩვენა მდგრადობა ჩვენი სისტემის. მაინც არ ჩამოიშალა ჯანდაცვის სისტემა. ხარვეზებით, დაგვიანებით, მოსახლეობის უკმაყოფილების ხარჯზე, მაგრამ მაინც უმკლავდებოდა. ეს იყო ჩვენი შეცდომა, ადრე ვირწმუნეთ დამარცხება კოვიდის და მოხსენით პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა. ამან გამოიწვია ის ხარვეზები, რაც გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში.

ყველა დანარჩენი პერიოდი იყო წარმატებული მართვა და აწყობილი სისტემა“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner