logo_geo
eng_logo
სოსო არჩავძე-S&P Global-ის გადაწყვეტილება ადასტურებს საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ საქართველოში ბოლო წლებში გატარებული სისტემური რეფორმების მართებულობას და ეკონომიკური მდგრადობისა და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველყოფას
- +

27 თებერვალი. 2021. 12:25

 

„საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის სარეიტინგო კომპანიების მიერ, საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს, საკრედიტო რეიტინგების შეფასებისას ორი კანონზომირება ვლინდება: ჯერ ერთი, ისინი ობიექტურად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე აფასებენ არსებულ მდგომარეობას და მეორეც, ფაქტობრივად მყისიერად ამახვილებენ ყურადღებას ეკონომიკური ზრდისთვის საფრთხის შემცველ იმ ფაქტორებსა და  გარემოებებზე, რომლებიც მიზეზთა გამო წარმოიშვება ამა თუ იმ ეტაპზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაკუთრებით ფასეულია სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის მიერ საქართველოსათვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელ, „BB“ დონეზე დატოვება. ეს სააგენტო მეორეა Fitch-ის შემდეგ, რომელმაც, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სიძნელეებისა, აღნიშნულ დონეზე დატოვა ქვეყნის რეიტინგი. ეს ადასტურებს საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ საქართველოში ბოლო წლებში გატარებული სისტემური რეფორმების მართებულობას და ეკონომიკური მდგრადობისა და ფისკალური სტაბილურობის  უზრუნველყოფას,“ - ასე გამოეხმაურა თავის ფეისბუქ-პოსტში ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას.

 

ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული შეფასება მით უფრო ფასეულია, რომ იგი განხორციელდა წლის დასაწყისში საგრძნობი ეკონომიკური შემცირების ფონზე, რაც მიჩნეულია დროებით, დაძლევად გარემოებად და რომლის მიუხედავად, ეკონომიკური ზრდის წლიური ტემპი წინა წელთან შედარებით გადააჭარბებს 4.0 პროცენტს, რაც ერთერთი მაღალი მაჩვენებელი იქნება რეგიონში.

 

„ჩვენნაირი „BB“ რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით საქართველო ნაკლებად მოწყვლადია უცხოელი ინვესტორების განწყობილების ცვლილების მიმართ. ამ მხრივ საქართველოს საინვესტიცო კლიმატის მდგრადობის სიმბოლურ დადასტურებას წარმოადგენს ხელშეკრულება კომპანია OMV Petrom SA-სთან, რომელიც გულისხმობს საქართველოს კუთვნილ შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი  5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას – ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

 

მისი თქმით, სარეიტინგო კომპანიამ პოზიტიურად შეაფასა საქართველოს ინსტიტუციური გარემო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან დროული დახმარება, რაც, თავის მხრივ, ეფუძნებოდა მათ მიერ საქართველოს მიერ ბოლო წლებში გატარებული რეფორმების დადებით შეფასებას. ის, რომ მიუხედავად პანდემიით გამოწვეული მძიმე ვითარებისა, ქვეყანაში არ შეჩერებულა რეფორმები, მათ შორის პენსიების ინდექსირება, სააგენტოს მიერ საქართველოს რეიტინგის შენარჩუნების ერთერთ სერიოზულ არგუმენტად იქცა.

 

იოსებ არჩვაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმს პანდემიამდე საკმაოდ მაღალი წილი ეკავა. ბუნებრივია, მისი აღდგენის ტემპი ხელისუფლებისა და ადგილობრივი ბიზნესის ძალისხმევაზე არანაკლებად გლობალურ კოვიდვითარებასა და პოსტპანდემიური სინდრომის დაძლევაზეა დამოკიდებული, რის გამოც მისი აღდგენის სასურველზე დაბალი ტემპი სააგენტოს მიერ საქართველოსათვის ერთერთ გამოწვევადაა მიჩნეული.

 

„ამასთან, მთლიანობაში ეკონომიკის სტაბილური, მდგრადი და მით უფრო, მაღალი ტემპებით განვითარება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ზოგად პოლიტიკურ სტაბილურობაზე, რის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე არანაკლებად ოპოზიციასაც ეკისრება,“ - აღნიშნა ექსპერტმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner