logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა - „პატრიოტიზმი ეს არის ჩუმი, დაუღალავი საქმის კეთება“
- +

28 თებერვალი. 2021. 11:56

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს, ლევან თაქთაქიშვილს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის ღირსების ორდენი გადასცა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლევან თაქთაქიშვილს ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის.

 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის, რომ დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყველასთვის ხელმისაწვდომია ემიგრაციის შემოქმედება - ლიტერატურა, ფოტომასალა და ისტორია, რომლის დაბრუნებაც ძალიან ხანგრძლივი და რთული საქმე იყო, სწორედ ლევან თაქთაქიშვილის დამსახურებაა და ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ.

 

„ემიგრაციის ისტორიული მასალის დაბრუნების პროცესი არ დასრულებულა, ის კიდევ გრძელდება. ლევან თაქთაქიშვილმა ჩამოიტანა ისტორიული საგანძური პარიზიდან, რომელიც პოლიტიკური ემიგრაციის მთავარი კერაა, არგენტინიდან, ამერიკიდან...

 

დიდი იმედი მაქვს, რომ დადგება დღე, როცა ცოტა უფრო სხვა ფორმით, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ გაიხსნას ემიგრაციის მუზეუმი. დიდი ხანია ვთვლი, რომ შესაძლებელია გაერთიანდეს ოკუპაციისა და ემიგრაციის მუზეუმი და გახდეს უფრო მასშტაბური, რადგან ამაში არის ძალიან დიდი ლოგიკა.

 

ემიგრაციაში წასვლა არდათმობის ნიშანი და სიმბოლო იყო საბჭოთა ოკუპაციის წინაშე. ის, რომ საქართველოში ისტორიული დოკუმენტაცია დაბრუნდა სწორედ იმის ნიშანია, რომ ჩვენ არ ვეგუებით, არ ვეპუებით ოკუპაციას და არ ვთმობთ არაფერს. ამის ნაწილია ლევან თაქთაქიშვილი, რაც ძალიან დიდი პატრიოტული საქმეა.

 

მე ძალიან მიხარია, რომ თქვენი შვილები დღეს აქ არიან და ამას ისმენენ. უნდა ვიცოდეთ, რომ პატრიოტიზმი ზოგჯერ ეს არის ჩუმი, დაუღალავი საქმის გაკეთება და მისი ბოლომდე მიყვანა. ამისთვის მე მინდა, მთელი ემიგრაციის სახელით დიდი მადლობა მოგახსენოთ და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გითხრათ, რომ ძალიან მადლიერი და ამაყი ვარ, რომ საქართველოში ასეთი ადამიანები არსებობენ და ყოველთვის იარსებებენ!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ორბელიანების სასახლეში საქართველოს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სტუდენტებმა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლი წარადგინეს, რომელიც მარო მაყაშვილისა და იუნკერების თავდადების ისტორიას გადმოგვცემს. 

 

ორბელიანების სასახლეში ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები და მარო მაყაშვილის შთამომავალი, უფროსი ლეიტენანტი გიორგი როსტომაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner