„საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებით საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, რაც ქვეყანაში დასაქმების გაზრდისა და ეკონომიკის მდგრადობისთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა მსოფლიო ბანკის „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“ პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.
„დღეს, ჩვენს ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად, აღვნიშნავთ ერთობლივი ძალების შედეგად მიღწეულ წარმატებას, რომელიც პროფესიული განათლების ხარისხის გაძლიერებასა და უფრო მეტი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნაში აისახება“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.
პროექტი „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“ დასრულდა. მას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის, ბრიტანეთის საელჩოს „კარგი მმართველობის ფონდის“ დაფინანსებით, მსოფლიო ბანკი ახორციელებდა.