-
+
1 მარტი. 2021. 12:07
დღეიდან, 2021 წლის 1 მარტიდან დამსაქმებლები ვალდებულები არიან, აწარმოონ დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დროის აღრიცხვის დოკუმენტი.
ინფორმაცია სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და წესის შესახებ, ასევე შეუსრულებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგების შესახებ, გაწერილია სამ დოკუმენტში. ესენია: 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-15/ნ 2021 წლის 12 თებერვლის ბრძანება. 2. საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი. 3. საქართველოს კანონი შრომის ინსპექციის შესახებ.
ახალი კანონი კომპანიებს ავალდებულებს:
- სამუშაო დროის აღრიცხვა სავალდებულოა საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დამსაქმებლებისთვის, როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის, აგრეთვე პირთა გაერთიანებებისთვის.
- სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოება შესაძლებელია როგორც მატერიალურად, აგრეთვე ელექტრონულად.
- დამსაქმებლებს შეუძლიათ სამუშაო დროის აღრიცხვისთვის გამოიყენონ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმა, ასევე სხვა სახის ფორმა, რომელიც სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ბრძანებით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს.
- დამსაქმებელი უფლებამოსილია დოკუმენტში მიუთითოს დამატებითი ინფორმაცია.
- სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დახურვის თარიღი დგინდება დამსაქმებლის მიერ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 10 რიცხვამდე.
- დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო დროის აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს. ამავდროულად, დასაქმებულს აქვს უფლება გაეცნოს მის მიერ ნამუშევარი საათების აღრიცხვის დოკუმენტს.
- დამსაქმებელი ვალდებულია განსაზღვროს აღრიცხვის ფორმის წარმოებაზე, შენახვასა და დასაქმებულისთვის გაცნობაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი. ხელმოწერილი აღრიცხვის ფორმა დამსაქმებლმა უნდა შეინახოს 1 წლის განმავლობაში.
- დამსაქმებლის მიერ დროის აღრიცხვის მოთხოვნების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სანქციები.
წყარო :