logo_geo
eng_logo
ენგურის ხიდი ისევ ჩაკეტილია
- +

1 მარტი. 2021. 14:36

 

აფხაზეთის ტერიოტორიაზე მცხოვრებლებს მიმოსვლა ისევ შეზღუდული აქვთ. როგორც გალელები სააგენტო Report.ge-თან სატელეფონო საუბრისას აღნიშნავენ, რეალურად ხიდი მოსაჩვენებლად გაიხსნა და მეორე დღესვე ჩაკეტეს მოქალაქეებისთვის, დაშვებული იყო მხოლოდ ტვირთების გადაადგილება, რითაც თვითონ აფხაზური მხარე იყო დაინტერესებული. ადგილობრივების თქმით,  ე.წ. საზღვარკორონავირუსის პრევენციის საბაბით აფხაზეთის მოსახლეობა ისევ იზოლაციაშია.

 

ამის შესახებ სოფელ ოტობაიის ერთ-ერთმა მცხოვრებმა გვაცნობა, რომლის ვინაობასაც მისივე უსაფრთხოების მიზნით ვერ ვასახელებთ. მან ასევე აღნიშნა, რომ „ჩაკეტვის“ მიუხედავად, აფხაზი მებაჟეები ხალხს ქრთამის სანაცვლოდ უშვებენ, ისიც სამედიცინო გადაუდებელი საჭიროების დროს, როცა სხვა გამოსავალი არ არის.

 

„რეალურად ხიდი 1-2 დღით იყო გახსნილი. პენსიონერების ნაწილი გადავიდა ხიდს გაღმა, სადაც „ლიბერთის“ მოძრავი ბანკის საშუალებით პენსია აიღეს და უკან დაბრუნდნენ. სამწუხაროდ, ბევრმა ვერ შეძლო კუთვნილი თანხის აღება. ეგონათ, რომ გადაადგილებას შეძლებდნენ, მაგრამ ხიდი ისე დაიკეტა, მიზეზიც არავის უთქვამს. რეალურად ასეთი ჩაკეტილობა ისევ ადგილობრივ ქართველებს გვაზარალებს. ჩვენ ვიზღუდებით, აფხაზები კი სამედიცინო მომსახურების მისაღებად თუ ტვირთების გადატანის მიზნით, ყოველთვის ახერხებენ ხიდით სარგებლობას. ჩვენი კი იძულებით ადგილობრივ ბაზარს მიგვაჯაჭვეს, სადაც „ცეხლის ფასად“ ვყიდულობთ პროდუქტს. 1 კგ შაქარი 3 ლარზე ნაკლებად არ იშოვება, პური კი 2 ლარამდე გაგვიძვირეს, საყოფაცხოვრებო საქონლის ღირებულება კი 3-ჯერ ძვირია, ვიდრე მისი ყიდვა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზეა შესაძლებელი. პენსიაც კი ვერ ავიღეთ, რომ თვიდან თვემდე ამ თანხით მაინც გავიტანოთ თავი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ“, - ამბობს ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრები.

 

გალის ქვედა ზონის სოფელ ოტობაიას მცხოვრებმა აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში ქართული აგრარული პროდუქტი ვერ შემოდის და დახლები მთლიანად რუსულ და თურქულ პროდუქტს უჭირავს. მისი თქმით, სიმინდიც კი იმპორტულია, შარშანდელი მოსავალი მიილია, იშვიათად, რომ სადმე იყოს შემორჩენილი.

 

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვლიდან, 8-თვიანი ჩაკეტვის შემდეგ ენგურის ხიდი გაიხსნა. ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების შესაძლებლობა, დადებითად შეაფასა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თუმცა, როგორც ჩანს, ამ შეღავათმა დიდხანს ვერ გასტანა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner