logo_geo
eng_logo
კობა გვენეტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერს შეხვდა
- +

1 მარტი. 2021. 18:07

 

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში უმასპინძლა.

 

ვერნერ ჰოიერსი საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მხარეებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელების გააქტიურების აუცილებლობაზე.

 

კობა გვენეტაძემ სტუმრებს COVID-19-ის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ეკონომიკის წახალისების მიზნით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯები გააცნო.

 

ყურადღება, ასევე, გამახვილდა რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობასა და საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაციის წევრებს მიმდინარე მაკროეკონომიკური გარემო და საფინანსო სექტორის ფინანსური მაჩვენებლები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ფინანსებზე წვდომის არსებული მდგომარეობა საქართველოში.

 

შეხვედრისას, კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის არსებულ მჭიდრო საქმიან ურთიერთობებს. ორივე მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდება, რაც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

„საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან ერთად ეკონომიკური ურთიერთობების და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები განვიხილეთ. ვიმედოვნებ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ევროპის საინვესტიციო ბანკი, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების დაფინანსებით, ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას, რასაც მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს ქვეყნისათვის", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - ევროკავშირის ბანკი, გრძელვადიანი დაკრედიტების ევროკავშირის ინსტიტუტი და ერთადერთი ბანკია, რომელიც ეკუთვნის და წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებს. ის, ასევე, გამოყოფს გრძელვადიან დაფინანსებას მდგრადი ინვესტიციებისთვის და ემსახურება ევროკავშირის მიზნების მიღწევას.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner