logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: ეკონომიკაში „ნამახვანჰესის“ წილი ძალიან დიდი იქნება, თუმცა კვლავ რჩება კითხვები, როლებიც საზოგადოებას აწუხებს
- +

3 მარტი. 2021. 15:07

 

„ეკონომიკაში „ნამახვანჰესის“ წილი ძალიან დიდი იქნება და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ენერგოდამოუკიდებლობაში, თუმცა კვლავ რჩება კითხვები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

 

მისივე ინფორმაციით, პარლამენტში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხის ფართო ფორმატში განხილვა იგეგმება,

 

„პარლამენტში „ნამახვანჰესის“ საკითხის განხილვა არა ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, არამედ უფრო ფართო ფორმატში შეიძლება მოხდეს. ამის შესახებ დააანონსეს როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ. ჩვენ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ ინფორმაციას ველოდებით. ამის შემდეგ პარლამენტში მოხდება განხილვა ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. სავარაუდოდ, ამ კვირაში ვერ მოესწრება.

 

ადამიანის ნებისმიერი ქმედება, თუ ცხოვრობს და ეკონომიკას ავითარებს, ეს დაკავშირებულია გარემოსთვის ზიანის მიყენებასთან. აქ მთავარია ხარჯთსარგებლიანობა და კომპონენტები იყოს შედარებული, თუ რა სარგებელს იძლევა ის ტერიტორია, ბუნებრივი ლანდშაფტი იმასთან შედარებით, რა სარგებლობას მოგვცემს განაშენიანება თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი. ჩვენ ვერც ერთ გზას ვერ გავიყვანთ, ვერც ერთ შენობას ვერ ავაშენებთ გარემოს ზიანი რომ არ მივაყენოთ. უბრალოდ აქ განსასაზღვრია შედარება და კომპენსირების მეთოდები. ამ შემთხვევაში, ეკონომიკაში „ნამახვანჰესის“ წილი  ძალიან დიდი იქნება და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში, როგორც ამას ენერგეტიკოსები გვეუბნებიან, თუმცა გარემოს დაცვის კუთხით კვლავ რჩება კითხვები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს“, – განაცხადა ბითაძემ.

 

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია ბოლომდე არ არის მიწოდებული და გარკვეული კითხვები დეპუტატებსაც აქვთ. ამიტომ, მისივე თქმით, საპარლამენტო განხილვისას, მთავრობის მხრიდან დამატებით ინფორმაციას მოისმენენ.

 

„ვფიქრობ, ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის კარგად მიწოდებული როგორც საზოგადოებისთვის, ასევე გარკვეული კითხვები გვრჩება ჩვენც, გარემოს დაცვის კომიტეტს და ზოგადად, საპარლამენტო გუნდს, რომელზეც პასუხები გვინდა: რატომ არ არის ბოლომდე ახსნილი საზოგადოებისთვის ხარჯთსარგებლიანობა, კომპენსაციის საკითხები და შემარბილებელი ღონისძიებები. ბუნებრივია, არც პარლამენტში სურს ვინმეს, ჩვენს ქვეყანას რაიმე ზიანი მიადგეს. ჩვენ არ დავუშვებთ ძალიან მცირედ შანსსაც კი, რომ თუნდაც ერთ ადამიანს ზიანი მიადგეს. ველით, რომ ამ კითხვებზე დამატებითი ახსნა-განმარტებები იქნება მთავრობის მხრიდან“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner