logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: პლატფორმები უნდა ეფუძნებოდეს ისეთი ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას, როგორიცაა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღიარება
- +

3 მარტი. 2021. 19:10

 

„პირველ რიგში, პლატფორმები უნდა ეფუძნებოდეს ისეთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას, როგორიცაა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრაზე დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, რეგიონში არსებული რთული პროცესები განიხილეს.

 

„მჯერა, რომ რთული და სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ შევძლებთ არა მარტო გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, არამედ არსებული შესაძლებლობები გამოვიყენოთ თანამშრომლობის კიდევ უფრო ეფექტურად წარსამართად, რათა მთლიანად რეგიონში უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და არსებული გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი პროექტებით, ჩვენი რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ.

 

ბატონმა მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ განვიხილეთ ის შემოთავაზებები, რომელიც არსებობს ახალ ფორმატთან დაკავშირებით. აქ ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა, რომ ეს ურთიერთობები და პლატფორმები, პირველ რიგში, უნდა ეფუძნებოდეს ისეთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას, როგორიც არის ქვეყნების სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამმხრივ ფორმატში - აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო, წარმატებულ თანამშრომლობაზე.

 

„ამ ფორმატმა უკვე დაადასტურა საკუთარი მიმზიდველობა, რაც თარგმნილია პრაქტიკულ განზომილებაში. ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ხორციელდება და კასპიის რეგიონს საქართველოს გავლით აკავშირებს თურქეთთან და შემდგომ ევროპასთან – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზერუმი, „ტანაპის“ პროექტი, ბაქო-თბილისი-ყარსი, ეს არის ის, რითაც ჩვენი რეგიონის მიმზიდველობა ყველასთვის თვალსაჩინოა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება იყო.

 

„მიუხედავად პანდემიისა, ჩვენი ვაჭრობა ვითარდება, მაგრამ არის გამოუყენებელი შესაძლებლობები და ვფიქრობ, თურქეთს და საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაცია, კიდევ უფრო გააღრმავებს ამ მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობას, შესაძლებელს გახდის, რომ ჩვენი პროდუქცია, ერთობლივად ნაწარმოები პროდუქცია იყოს ადვილად მისაწვდომი, მას გზა გაეხსნას ევროპულ ბაზარზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

დავით ზალკალიანი ანკარაში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისა და ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ ის ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner