logo_geo
eng_logo
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის პროექტი წარადგინა
- +

8 აპრილი. 2021. 01:29

 

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის პროექტი წარუდგინა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა გახსნეს.

 

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეებს დეტალურად გააცნო „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი, ამავდროულად ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-20 წლების პოლიტიკის მიღწევებსა და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე.

 

„დღეს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო და მედია სექტორის წარმომადგენლებს, ასევე დაინტერესებულ ახალგაზრდებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს 2021-2030 წლების სტრატეგიის დოკუმენტი გააცნო, რომელიც იმ ძირითად პრიორიტეტებსა და მიზნებს განსაზღვრავს, რომლითაც იმუშავებს ქვეყნის როგორც საჯარო უწყებები, ასევე სხვადასხვა ორგანიზაცია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით.

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სტრატეგიის დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვებსა და თანამშრომლობას სამოქალაქო სექტორთან. ინკლუზიური იყო პროცესი როგორც დოკუმენტის შემუშავების ნაწილში, ასევე პროექტის განხილვები მიმდინარეობს ყველა რეგიონში. დღევანდელი განხილვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსობრივად დატვირთული. მივიღეთ რეკომენდაციები, მათ შორის, ვიმსჯელეთ ისეთ მექანიზმებზე, რაც გაზრდის სტრატეგიის ეფექტიანობასა და გარდამტეხ ცვლილებებს შეიტანენ ჩვენი ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით.

მნიშვნელოვანი იყო ისეთი აქცენტები, რომლებიც გაკეთდა სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერებაზე, კულტურათშორის დიალოგზე, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, დეზინფორმაციის მიმართულებით, ასევე ქალთა თანასწორობაზე იყო ძალიან ბევრი აქცენტი გაკეთებული, გაჟღერდა სამოქალაქო, პოლიტიკური მონაწილეობის მიმართულებით სხვადასხვა ხელშემწყობი მექანიზმების ჩამოყალიბების აუცილებლობა. შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული. ვფიქრობთ, რომ ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს შემდგომ სტრატეგიის განხორციელების ეფექტიანობის ამაღლებას,“- განაცხადა ლია გიგაურმა.

 

„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით მომზადდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner