logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: აღარ უნდა დაწესდეს არც ხელახალი ჩაკეტვა, არც შეზღუდვები
- +

9 აპრილი. 2021. 13:24

 

 

„უდიდესი გამოწვევაა ქვეყნის ეკონომიკა და კრიზისის გადალახვა, საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებაშიც გაყოფილია“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

 

მისი თქმით, კრიზისის დაძლევისთვის საჭიროა სოლიდარობა და ერთიანი ძალისხმევა.

 

„ზოგი მიიჩნევს, რომ ეკონომიკა უნდა იყოს აბსოლუტური პრიორიტეტი და აღარ უნდა დაწესდეს არც ხელახალი ჩაკეტვა, არც შეზღუდვები. ზოგი კი აბსოლუტურ უპირატესობას ჯანმრთელობასა და ადამიანთა სიცოცხლეს ანიჭებს.

 

ამ კრიზისის დაძლევაში, სოლიდარობა გვჭირდება როგორც არასდროს, ერთიანი ძალისხმევა, რომ ინკლუზიური მიდგომებით და სოციალური პასუხისმგებლობით ვეცადოთ ერთდროულად ეკონომიკის გაცოცხლება, ინვესტიციების მოზიდვა და მაქსიმალურად ხელი გავუწოდოთ ჩვენი საზოგადოების სოციალურად დაუცველ ფენებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

პრეზიდენტმა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საზოგადოებაში  აზრთა სხვადასხვაობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სასურველია, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნება დამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები ერთად განიხილავენ არა მხოლოდ ამ კონკრეტული ჰესის ბედს, არამედ მომავალ გეგმებსა და პერსპექტივას ენერგეტიკის მიმართულებით.

 

„ამ ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ვხდებით საზოგადოების მხრიდან დაპირისპირებულ პოზიციებს. ასეთი მაგალითის ვხვდებით „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მიმდინარე დაპირისპირება.

 

ერთი მხრივ, ის საზოგადოება, ვისი წუხილიც ძალიან კარგად მესმის და თანავუგრძნობ, ითხოვს ჩვენი ბუნებრივი რესურსებისა და მიწის დაცვას უხეში ჩარევისა და ზემოქმედებისგან. ადგილობრივი მოსახლეობა აპელირებს იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ზოგადად ეკოლოგიას, რეგიონში სოფლის მეურნეობას, მეღვინეობისა და ტურიზმის პოტენციალს.

 

მეორე მხრივ კი, ვინც ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაცოცხლებასა და ენერგო დამოუკიდებლობას ანიჭებს უპირატესობას და ადამიანის სიდუხჭირიდან თავის დაღწევაზე აპელირებს.

 

ორივე მხარეს აქვს ძლიერი არგუმენტები. უალტერნატივოდ მიმაჩნია ორივე მოსაზრების გათვალისწინება და შეჯერება. ამისთვის საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი საჯაროობა, მეტი გაანალიზება ყველა არგუმენტის და ყველა შესაძლო საფრთხის.

 

სასურველია, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნება დამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები ერთად განიხილავენ არა მხოლოდ ამ კონკრეტული ჰესის ბედს, არამედ მომავალ გეგმებსა და პერსპექტივას ენერგეტიკის მიმართულებით.

 

ასეთი მსჯელობა მაქსიმალურად გასაჯაროებული უნდა იყოს. თუ საჭიროდ ჩაითვლება, პრეზიდენტის სასახლის პლატფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ მიზნისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner