logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: აშშ არის ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების მყარი პარტნიორი და მხარდამჭერი
- +

15 აპრილი. 2021. 11:15

 

 

საქართველოს დელეგაციამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში მაღალი რანგის შეხვედრები გამართა ამერიკელ სენატორებთან, კონგრესმენებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე როგორც საქართველოში, ისე რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დიალოგის მნიშვნელობას.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კიდევ ერთხელ ადასტურებს მმართველი გუნდის მზადყოფნას, რომ მათი მხრიდან გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მისაღწევად. ოფიციალურ შეხვედრებზე ქართულმა მხარემ ყურადღება რუსეთის უკანონო ქმედებებზეც გაამახვილა. ვაშინგტონში შეხვედრები სენატორ ჯეიმს რიშთან, ასევე შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, კონგრესმენებთან ადამ კინზინგერთან და ჯერი კონოლისთან გაიმართა. აუდიენცია შედგა ასევე სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯორჯ კენტთან და თეთრი სახლის წარმომადგენელ კრის სმიტთანაც.

 

„ჩვენ გვესმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ არის მმართველი პარტია და მას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, იმისათვის რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით. ეს ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ და მომავალშიც ბუნებრივია მზად ვართ, გამოვავლინოთ აბსოლუტურად კონსტრუქციული მიდგომა, რა თქმა უნდა, პრინციპების დაცვით. ეს პრინციპები არის განმსაზღვრელი ნებისმიერი შეთანხმების ხელმოწერის დროს, მაგრამ ამ პრინციპების ფარგლებში ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულები. გვქონდა ყველა დეტალზე საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. ყველა დეტალზე ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათგან რჩევების მოსმენა. ეს რჩევები არის ძალიან საინტერესო და დაგვეხმარება იმაში, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ სათანადოდ გადავჭრათ ის საკითხები, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური პროცესების სათანადოდ განვითარებას საქართველოში“, - აღნიშნა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

 

მისი თქმით, ვიზიტის ბოლოს ქართული მხარე ყველა შეხვედრას შეაჯამებს და კონკრეტულ დასკვნებს გამოიტანს. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

 

„მთავარია, რომ აშშ არის ჩვენი ქვეყნის მყარი პარტნიორი და მხარდამჭერი და ის არის საქართველოს ხელისუფლების მყარი პარტნიორი და მხარდამჭერი. ეს მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა იმ შეხვედრებზე, რომლებიც დღემდე გაიმართა ჩვენს პარტნიორებთან. მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-სთან არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში მთლიანობაში პოლიტიკური პროცესები სათანადოდ წარიმართება. აშშ არის ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც არის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner