logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: აშკარაა, წასვლა დააგვიანეს!
- +

15 აპრილი. 2021. 17:28

 

 

„დროა, ექვსეულმა, რომელიც გუშინ მმართველი გუნდიდან წავიდა, რეალობას თვალი გაუსწოროს, წარსული გაკვეთილი გაითვალისწინოს და რეიტინგით აპელირებას შეეშვას, რადგან წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ უახლოეს მომავალში მათი რეიტინგი ნულს გაუთანაბრდება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე მმართველი გუნდიდან 6 დეპუტატის წასვლას. 

 

მისი თქმით, პარლამენტის რამდენიმე წევრის მიერ უმრავლესობის დატოვება პოლიტიკაში დაწყებულ ახალ მოძრაობას უკავშირდება.

 

„ქართულ პოლიტიკურ სივრცეში საინტერესო პროცესები ვითარდება. როგორც ჩანს, ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის დასაწყისში ვართ, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირგვლივ ყალიბდება. პოლიტიკაში დაწყებულ ახალ მოძრაობას უკავშირდება პარლამენტის რამდენიმე წევრის მიერ უმრავლესობის დატოვება. მათ ქმედებას ვერ განვსჯი, მაგრამ პირადი მოსაზრებაა, რომ თუ წასვლას აპირებდნენ, სჯობდა, ეს უფრო ადრე გაეკეთებინათ, აშკარაა, წასვლა დააგვიანეს. მეორე საკითხია მათი რეიტინგი და მორალური უფლება, გააგრძელონ პარლამენტში საქმიანობა, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში არა პირადი, არამედ პარტიის რეიტინგის დამსახურებით შევიდა.

 

რეიტინგზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ წარსული გამოცდილება, კერძოდ, არახალია, რომ „ოცნებიდან“ ადამიანთა გადინება ადრეც ხდებოდა და ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ პარტიიდან ადამიანთა წასვლას ერთი საერთო აქვს, ისინი წარსულშიც და ახლაც ამბობდნენ, რომ აქვთ საკმარისი რეიტინგი და პოლიტიკური კაპიტალი, რაც დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას აძლევთ, მაგრამ ვხედავთ, რომ წარსულში „ოცნებიდან“ წასული ადამიანების რეიტინგს დღეს „პულსი არ ესინჯება“. ამიტომ დროა, ექვსეულმა, რომელიც გუშინ მმართველი გუნდიდან წავიდა, რეალობას თვალი გაუსწოროს, წარსული გაკვეთილი გაითვალისწინოს და რეიტინგით აპელირებას შეეშვას, რადგან წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ უახლოეს მომავალში მათი რეიტინგი ნულს გაუთანაბრდება“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner