logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია თანდათან, დინამიურად უარესდება, არ არის გამორიცხული, ვირუსის გავრცელების პიკში შევიდეთ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში
- +

18 აპრილი. 2021. 12:28

 

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდსიტუაცია უარესდება და უახლოეს ორ კვირაში მოსალოდნელია ვირუსის გავრცელების პიკი.

 

„დადებითობის დღიური მაჩვენებელი პირველად ასცილდა ოთხ პროცენტს, თუმცა 14 დღის მონაცემებით, ის ჯერჯერობით 2,98 პროცენტია. ასევე, უარესდება სხვა ინდიკატორებიც, რეპროდუქციის ინდექსი გაზრდილია, ისევე, როგორც გაზრდილია დატვირთვა ჯანდაცვის სექტორზე ანუ აქტიური შემთხვევების რიცხვი არის 10 478. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდსიტუაცია თანდათან, დინამიურად უარესდება და არ არის გამორიცხული, რომ ვირუსის გავრცელების პიკში შევიდეთ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თუ, რა თქმა უნდა, არ იქნება დაცული ის რეკომენდაციები, რომლებზეც ხშირად ვსაუბრობ. პირბადის ტარების მაჩვენებელი ისევ დაბალია და 50 პროცენტს შეადგენს და მობილობა არის ცხრა პროცენტი, ანუ სერიოზულად არის გაზრდილი მობილობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, აღდგომის სადღესასწაულო დღეებმა რეკომენდაციების დაცვის ფონზე ჩაიაროს.

 

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბრწყინვალე აღდგომა ჩავამთავროთ ძალიან მშვიდად და მოკრძალებულად. რეკომენდაციები უმკაცრესად უნდა იყოს დაცული როგორც აღდგომის წინა პერიოდში, ასევე შემდგომ დღეებში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

კითხვაზე, რა დამატებითი შეზღუდვები დაწესდება იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება და ​დადებითობის 14-დღიანი მაჩვენებელი ოთხ პროცენტს გადააჭარბებს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საკითხზე მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოზე მიმდინარეობს და მისი უწყების რეკომენდაციები საბჭოსთვის ცნობილია.

 

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები, რა დროს რა უნდა მოხდეს, ცნობილია საკოორდინაციო საბჭოსთვის და ამ საკითხზე ღიად არ ვსაუბრობ. საბჭოზე მიმდინარეობს უკვე მსჯელობა, იქ გახლავთ ეკონომიკური ბლოკი, სოციალური ბლოკი და ა.შ. ჩვენ, ექიმები ყოველთვის მეტად რადიკალურები ვართ ამ დროს, მაგრამ გადაწყვეტილებები მიიღება შესაბამისი განხილვისა და ანალიზის საფუძველზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner