logo_geo
eng_logo
პროკურატურამ „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
- +

18 აპრილი. 2021. 13:48

 

 

პროკურატურამ „საქართველოს ბანკში“ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ნ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა და ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

 

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 აპრილს, თბილისში, ნ.წ.-მ ხმოვანი პისტოლეტით, სს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ექსპრეს სერვის-ცენტრში, მძევლად ხელში ჩაიგდო აღნიშნული სერვის-ცენტრის ოთხი თანამშრომელი, სერვისცენტრის უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრატორი და საოპერაციო დარბაზში მყოფი სერვისის მომხმარებელი.

 

„ნ.წ.-მ იარაღის გამოყენების მუქარით, ბანკში მყოფ პირებს შესასვლელი კარი ჩააკეტინა და მათ თავისუფალი გადაადგილების უფლება შეუზღუდა. შემდეგ კი იარაღის გამოყენების მუქარით, იძულებით ერთ-ერთ თანამშრომელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის ცხელ ხაზზე დაარეკვინა და მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ გარკვეული პირობები დააყენა.

 

სამართალდამცველებმა ნ.წ. 16 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულოს ორგანიზაცია და პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი ორი და მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

 

ნიკოლოზ წურწუმიას ბრალი ოფიციალურად 17 აპრილს წარუდგინეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner