logo_geo
eng_logo
მეუფე შიო: მთავარია ცხოვრებაში, რომ ადამიანმა მესია იპოვოს, აღიაროს იესო ქრისტე, როგორც მესია, მხსნელი და ძე ღვთისა
- +

12 მაისი. 2021. 14:42

 

 

„მთავარია ცხოვრებაში, რომ ადამიანმა მესია იპოვოს, აღიაროს იესო ქრისტე, როგორც მესია, მხსნელი და ძე ღვთისა“, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა.

 

მან მრევლს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული მიულოცა.

 

„მთავარია ცხოვრებაში, რომ ადამიანმა მესია იპოვოს, აღიაროს იესო ქრისტე, როგორც მესია, მხსნელი და ძე ღვთისა, ემსახუროს მას სულითა და ჭეშმარიტებით, შეიცნოს უფალი იესო ქრისტე, ეს არის საუკუნო ცხოვრება და ცხოვრების აზრი. ეს არის, როგორც უფალი იესო ქრისტე ამბობს - გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრება. ვინც იპოვის მესიას, ის პოულობს გზას, პოულობს ჭეშმარიტებას, პოულობს, ცხოვრობს. ვინც ქრისტეს გარეთ არის, ის რჩება სიცოცხლის გარეთ იმიტომ, რომ ადამიანი არის მარადიული არსება და მარადისობისთვის მოწოდებულია. იესო ქრისტეს გარეშე ამ მარადისობას ადამიანი ვერასდროს იმკვიდრებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

 

მისი თქმით, უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რა არის მთავარი ცხოვრებაში.

 

„ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს თავზეც, დღეს რამდენად შორს ვართ ისეთი განწყობისგან, რომ ვფიქრობდეთ და გვადარდებდეს მხოლოდ ის, რას ფიქრობს უფალი იესო ქრისტე. რას გრძნობს უფალი იესო ქრისტე, რა სურს მას, რას გვეუბნება ჩვენ, რას ითხოვს ჩვენგან, გულის სიღრმეში რომ ჩავიხედოთ, ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი? თუ უფრო მეტად ის, რომ ამქვეყნიურ კეთილმოწყობაზე ვიზრუნოთ, უფრო მეტად ალბათ, მრავალი ადამიანისთვის საზრუნავია ის, თუ როგორ არიან მათი შვილები, შვილიშვილები, რამდენად ჯანმრთელად არიან, რამდენად გამოკვებილნი და ნასწავლნი არიან. ეს გამოთქმა ძალიან გავრცელებულია დღეს, მთავარია ჯანმრთელობა და იმაზე ვზრუნავთ კი, რომ შვილები არიან სულიერნი თუ არ არიან, არიან ქრისტესთან თუ არ არიან? ამიტომ, უფალი მეტს ითხოვს ჩვენგან, ცდილობს, რომ გვასწავლოს ეს ყველაფერი“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

 

მან დასძინა, რომ სულიერ ცხოვრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

 

„აი, ეს უნდა უფალს, რომ მოგვცეს საუკუნო სიცოცხლე და იმისთვის არ მოსულა, რომ ჩვენი შვილიშვილები ჯანმრთელები იყვნენ. ეს კარგია რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვუსურვებთ ერთმანეთს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, როგორც სამწუხაროდ, ბევრისთვის არის, მაგრამ უფალი იესო ქრისტე გვასწავლის იმას, რაც არის მთავარი ამ ცხოვრებაში. ამიტომ მოვიდა, ამიტომ იწილხვედრა ღვთისმშობელმა ჩვენი ქვეყანა, ამიტომ წარმოიგზავნა ანდრია პირველწოდებული, რომ გვასწავლოს რა არის მთავარი ამ ცხოვრებაში“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

 

მან მრევლთან ერთად მილოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს გაუგზავნა და მას დღეგრძელობა უსურვა.

 

„მინდა თქვენთან ერთად ჩვენი მილოცვა გავუგზავნოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს იმიტომ, რომ თუ დღეს ვინმე არის გამგრძელებელი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო ღვაწლის, სწორედ ის გახლავთ. სწორედ ის გახლავთ ადამიანი, რომელიც თავისი თვისებებით ატარებს ამ დიდ ნიშნებს. მისი ღვაწლის მასშტაბი, მისი ღვაწლის ნაყოფი ჭეშმარიტად არის სამოციქულო და ჩვენ დღეს ამას ვხედავთ, ვიმკით. ვმადლობთ დღეს მას, ვუსურვებთ დღეგრძელობას და ჯანმრთელობას. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა ინებოს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით გამთლიანდეს, გაძლიერდეს და გადარჩენილი იყოს ჩვენი ქვეყანა, ამინ!“ - აღნიშნა მეუფე შიომ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner