logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტრო პერფორმანსში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიას აარსებს
- +

18 ივნისი. 2021. 12:54

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე პერფორმანსში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიის დაარსების შესახებ გამოაცხადა.

 

ამასთან, თეა წულუკიანის განცხადებით, კულტურის სამინისტრომ გაიზიარა პოეტ ზურაბ რთველიაშვილის თანამებრძოლი მწერლის, ირაკლი კაკაბაძის ინიციატივა და გადაწყვიტა, კულტურის სამინისტროსა და საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით საქართველოში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფომანსის საერთაშორისო ფესტივალი დაფუძნდეს. პირველი ასეთი ფესტივალი წელს შემოდგომაზე ჩატარდება და კულტურის სამინისტროს მიერ შემოღებული პრემია გამარჯვებულ ხელოვანს ზურაბ რთველიაშვილის დაბადების დღეს, 16 ოქტომბერს გადაეცემა.

 

„2012 წლამდე, ზურაბ რთველიაშვილი ლექსითა და პერფორმანსით ებრძოდა უსამართლობასა და ხელისუფლების მიერ ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებს. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ მის ხელოვნებასა და ხსოვნას და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ ხელოვნება ყველა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაუმარცხებელია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

თეა წულუკიანის თქმით, ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფომანსის საერთაშორისო ფესტივალის საქართველოში დაფუძნება მნიშვნელოვანი სახელოვნებო სიახლეა. მისი მთავარი მიზანია, ქართული პერფორმანსის პოპულარიზაცია საერთაშორისო მასშტაბით და უცხოელი პერფორმერების შემოქმედების გაცნობა ქართული საზოგადოებისათვის. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები, მუსიკოსები, მსახიობები, ვიზუალური და მულტიმედია არტისტები და სხვა ხელოვანები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, წარმოადგინონ პერფორმანსები.

 

საქართველოს კულტურის სამინისტროში ჩატარებულ ბრიფინგს მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ ირაკლი კაკაბაძე, მწერალი, პენოქსფამის პრემიის ლაურეატი და ცნობილი პოეტი დათო ჩიხლაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner