logo_geo
eng_logo
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, თბილისის ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა განახლდა
- +

18 ივნისი. 2021. 15:04

 

 

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განახლების პროცესი დასრულდა.

 

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, თითოეულ სკოლას, 900 ლარის ღირებულების ვაუჩერი გადაეცა, რომლითაც, გამომცემლობებისა და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციებისგან, სასურველი დასახელების წიგნები შეიძინეს. მთლიანობაში, 177 სკოლის ბიბლიოთეკა განახლდა.

 

„საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების განახლება, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტია. მსგავსი ტიპის აქტივობა, საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებისთვის, წლების განმავლობაში არ განხორციელებულა, რაც ნიშნავს, რომ უამრავ მოსწავლეს არ ჰქონდა წვდომა თანამედროვე ქართულ თუ თარგმნილ ლიტერატურაზე. სკოლების ბიბლიოთეკები განახლდა სხვადასხვა ასაკის მკითხველისთვის საინტერესო წიგნებით, ამრიგად, ახალი სასწავლო წელს, მოსწავლეებს, არაერთი ახალი საკითხავი ელით. გარდა ამისა, ეს პროექტი მნიშვნელოვანია გამომცემლობებისთვისაც, რომლებმაც თავიანთი კატალოგებიდან არაერთი წიგნი გაყიდეს“, - ამბობს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

 

„ბიბლიოთეკა სრულიად უნიკალური სივრცეა, რომელიც თანაბრად ემსახურება როგორც მკითხველს, ისე ავტორსა და გამომცემელს. სკოლის ძლიერი, უახლესი წიგნებით შევსებული ბიბლიოთეკა კი, აუცილებელი პირობაა იმისა, რომ წიგნი და, ზოგადად, განათლება, თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის. ვიმედოვნებთ, ახალი წიგნები იქცევა შთაგონების წყაროდ მასწავლებლებისთვისაც, მრავალფეროვანი და თანამედროვე საგაკვეთილო პროცესის წარსამართად. ჩვენთვის ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების შევსება, ყოველთვის პრიორიტეტული იყო, ამიტომ, წლების განმავლობაში, წიგნებით ვამარაგებდით საქართველოს რეგიონალურ ბიბლიოთეკებს. ამ პროექტმა კი, მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა, რომ, ამჯერად, თბილისის უკლებლივ ყველა სკოლის ბიბლიოთეკა უახლესი ლიტერატურით გაგვემდიდრებინა“, - განაცხადა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, გვანცა ჯობავამ.

 

თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსების პროცესი, 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ჯერზე შეივსო 62 სკოლის ბიბლიოთეკა, მეორე ეტაპმა კი 115 სკოლა მოიცვა. მათ შორის იყო უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა, რომელსაც, პროექტის ფარგლებში, ელექტრონული წიგნების სახლმა „საბამ“, ელექტრონულ წიგნებზე უფასო წვდომა გადასცა.

 

თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner