logo_geo
eng_logo
საქართველომ კომპანია „გილეადისგან“ ბრენდული „რემდესივირის“ 10 ათასი ფლაკონი საჩუქრად მიიღო
- +

20 ივნისი. 2021. 17:53

 

 

საქართველომ ამერიკული კომპანია „გილეადისგან“ „კოვიდ-19“-ის სამკურნალო მედიკამენტ „რემდესივირის“ ორიგინალი წარმოების 10 ათასი ფლაკონი საჩუქრად მიიღო.

 

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს ინფორმაციას.

 

ცერცვაძის განმარტებით, მისი ღირებულება დაახლოებით 4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

 

„ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია „გილეადმა“ ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და კოვიდ პაციენტებს. უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ „რემდესივირის“ 10 ათასი ფლაკონი და თან ბრენდული მედიკამენტი (Veklury) და არა ჯენერიული, რაც ძალიან დაგვეხმარება კოვიდ-პაციენტების წარმატებულ მართვაში.

 

ამ დონაციის მნიშვნელობა რომ შევაფასოთ, უნდა გავიხსენოთ ზოგიერთი გარემოება. არსებული კანონმდებლობით, კომპანია „გილეადს“ ბრენდული მედიკამენტის მიწოდების უფლება ძირითადად აქვს მხოლოდ ამერიკის, ევროკავშირისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის, ხოლო ყველა დანარჩენ ქვეყნებს „რემდესივირით“ ამარაგებს ინდოეთი, პაკისტანი და ეგვიპტე, რომლებიც კომპანია „გილეადის“ ლიცენზიით აწარმოებენ ჯენერიულ პრეპარატებს.

 

2020 წლის დეკემბერში საქართველომ ინდოეთისგან შეიძინა დაახლოებით 100 ათასი დოლარის ღირებულების ჯენერიული „რემდესივირი“ – 4000 ფლაკონი. სამწუხაროდ, ანგაჟირებულმა ექიმებმა, მათ შორის ზოგიერთმა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმაც ყველაფერი გააკეთეს ამ მედიკამენტის დისკრედიტაციისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი ფართედ გამოიყენება მთელ მსოფლიოში, ხოლო აშშ-ში ის შეტანილია ე.წ. სტანდარტულ (საბაზისო) მკურნალობაში. ამით მათ ცუდი სამსახური გაუწიეს ქვეყანას და პაციენტებს, ვინაიდან ნეგატიური პიარის ფონზე საქართველოში „რემდესივირის“ გამოყენება გადაწყვიტა მხოლოდ 27 კოვიდ კლინიკამ“, – აცხადებს ცერცვაძე.

 

მისივე განმარტებით, საქართველოს გამოცდილებამ უჩვენა, რომ „რემდესივირი“ სწორი გამოყენების შემთხვევაში – დაავადების ადრეულ სტადიაზე, დამძიმების რისკის მქონე ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებდა დაავადების დამძიმების (მათ შორის მექანიკური ვენტილაციის საჭიროების) რისკებს, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და აჩქარებდა გამოჯანმრთელებას.

 

„პრეპარატს პრაქტიკულად არ აქვს გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოა. მას შემდეგ, რაც შეძენილი მედიკამენტის მარაგი ამოიწურა, ქვეყანა შეეცადა ახალი პარტიის შეძენას, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ინდოეთში დიდი კოვიდ-აფეთქების გამო, ინდოეთის მთავრობამ კატეგორიულად აკრძალა „რემდესივირის“ ექსპორტი ინდოეთიდან და თან მთლიანად შეიძინა სხვა ქვეყნებში (პაკისტანი, ეგვიპტე) წარმოებული მედიკამენტის მთელი რაოდენობა. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, თვითონ ინდოეთში „შავ ბაზარზე“ ერთი ფლაკონი „რემდესივირის“ ფასმა 1 000 დოლარს მიაღწია.

 

ზემოაღნიშნულ სიტუაციაში ჩვენ თხოვნით მივმართეთ კომპანია „გილეადის“ ხელმძღვანელს ბ-ნ Daniel O’day-ის, გამონაკლისის სახით დაგვხმარებოდა რომელიმე ქვეყნიდან „რემდესივირის“ მოწოდებაში. „გილეადის“ ხელმძღვანელობამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და განაცხადა, რომ ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოს წარმატებული გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით, მათ გადაწყვიტეს, გამონაკლისის სახით, ერთჯერადი დონაციით უფასოდ მოეწოდებინათ უშუალოდ მათივე წარმოების ბრენდული „რემდესივირის“ – Veklury-ის 10 ათასი ფლაკონი. მედიკამენტი უკვე თბილისშია.

 

ცნობისთვის, „გილეადი“ ის ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გასული 5 წლის განმავლობაში უფასოდ მოაწოდა რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების ჩ ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები, რამაც საქართველოში უკვე გადაარჩინა 74 ათასი C ჰეპატიტით ავადმყოფის სიცოცხლე. პროგრამა გრძელდება ჩ ჰეპატიტის სრულ ელიმინაციამდე“, – აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner