logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსზე: დაავადებას რთული მიმდინარეობა აქვს - მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გაზრდა
- +

23 ივლისი. 2021. 15:50

 

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, უკვე 391 ათასზე მეტი ჩატარდა. აქედან 255 ათასზე მეტი ადამიანი ერთი, ხოლო 236 ათასზე მეტი - ორი დოზითაა აცრილი.

 

უწყების ხელმძღვანელი განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 21 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა.

 

„ჩვენ კვლავ დავუბრუნდით იმ მენეჯმენტსა და მართვის ღონისძიებებს, რომელიც მეორე ტალღის დროს გვქონდა. 15 ათასზე მეტი ადამიანი ბინაზე იმართება. კლინიკურ სასტუმროში მოთავსებული გვყავს 1 400 ადამიანზე მეტი, ხოლო საავადმყოფოში 4 700 ადამიანი მკურნალობს, საიდანაც, 937 არის ინტენსიურ საწოლზე, ხოლო 205 - რეანიმაციულზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დაავადებას რთული მიმდინარეობა აქვს. მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გაზრდა“, - აღნიშნა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 395 621 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 369 483, გარდაიცვალა 5 636 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner