logo_geo
eng_logo
სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო განცხადებას ავრცელებს
- +

13 სექტემბერი. 2021. 21:57

 

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, „მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით სამხარაულის ბიუროში პროვოკაცია მზადდებოდა“.

 

როგორც ექსპერტიზის ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი შინაარსის განცხადება ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტობრივი მოცემულობის გარეშე არის უაღრესად დამაზიანებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ და მიზნად ისახავს ბიუროს და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას.

 

„გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მერობის კანდიდატის, ბატონი გიორგი გახარიას განცხადებას, თითქოს მას აქვს „უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაგეგმილ პროვოკაციაზე“. მსგავსი შინაარსის განცხადება ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტობრივი მოცემულობის გარეშე არის უაღრესად დამაზიანებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ და მიზნად ისახავს ბიუროს და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას.

 

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ფსიქოტროპულ ნივთიერებებსა და ნარკოტიკულ საშუალებების ფაქტის დადგენის მიზნით, ნარკოლოგიური გამოკვლევა ტარდება საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025 –ის და კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად. გამოკვლევისას, გამოიყენება ბიოლოგიური მასალა (შარდი), რომლის მეშვეობითაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ყველაზე ინფორმაციული და უტყუარია. ბიუროში აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებისას გამოსაკვლევი პირის თანდასწრებით, დაუყოვნებლივ, ადგილზევე ხდება ბიოლოგიური ნიმუშის გამოკვლევა და დასკვნის გაცემა. საკვლევ ნიმუშში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, გამოსაკვლევი პირის თანდასწრებით, სპეციალური ლუქების მეშვეობით და მასზე გამოსაკვლევი პირის ხელმოწერის დატანის შემდეგ, დალუქული ბიოლოგიური ნიმუშების შენახვა ხდება ორ ულუფად შესაბამის ტემპერატურაზე. აღნიშნული პროცედურა ემსახურება გამოსაკვლევი პირისთვის შესაძლებლობის მინიჭებას, რომ სურვილის შემთხვევაში, მის მიერ მოხდეს ბიოლოგიური მასალის გადამოწმება სხვა ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გადასამოწმებელი ნიმუშის გატანა გამოსაკვლევ პირს შეუძლია დაუყოვნებლივ, კვლევის დასრულებისთანავე“,- აღნიშნულია სამხარაულის ეროვნული ბიუროს განცხადებაში.

 

ამასთან, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ თმის ღერით ნარკოლოგიური კვლევის ჩატარების მეთოდი ყველაზე ნაკლებ ინფორმატიულია.

 

„რაც შეეხება თმის ღერით ნარკოლოგიური კვლევის ჩატარებას, ბიუროს აქვს ყველა ტექნიკური შესაძლებლობა აღნიშნული კვლევის ჩასატარებლად. თუმცა, აღნიშნული მეთოდი ითვლება ყველაზე ნაკლებ ინფორმატიულად (საჭიროებს კონკრეტული რაოდენობის და თმის სიგრძის ნიმუშს, მხოლოდ თავის სხვადასხვა მიდამოდან). ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, ნივთიერების თმის ღერში გადასვლას ესაჭიროება მინიმუმ 10-14 დღე. ასევე, ადამიანის სხეულის ზედაპირზე არსებული თმის რაოდენობიდან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდგომ მისი აღმოჩენა დამოკიდებულია მოხმარებული ნივთიერების რაოდენობაზე და ხანდაზმულობაზე. თმის გამოსაკვლევ ნიმუშში შესაძლებელია არ აღმოჩნდეს ნარკოტიკული საშუალება, თუმცა გამოსაკვლევი პირი იყოს მომხმარებელი“,- ნათქვამია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადებაში.

 

პარტიის „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, ის ნარკოტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩაიტარებს.

 

როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner