logo_geo
eng_logo
სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო: თმის ღერით ნარკოლოგიური კვლევის ჩასატარებლად ყველა ტექნიკური შესაძლებლობა გვაქვს, თუმცა, ეს მეთოდი ყველაზე ნაკლებ ინფორმატიულად ითვლება
- +

13 სექტემბერი. 2021. 23:47

 

 

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ თმის ღერით ნარკოლოგიური კვლევის ჩატარების მეთოდი ყველაზე ნაკლებ ინფორმატიულია.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, „მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით სამხარაულის ბიუროში პროვოკაცია მზადდებოდა“.

 

„რაც შეეხება თმის ღერით ნარკოლოგიური კვლევის ჩატარებას, ბიუროს აქვს ყველა ტექნიკური შესაძლებლობა აღნიშნული კვლევის ჩასატარებლად. თუმცა, აღნიშნული მეთოდი ითვლება ყველაზე ნაკლებ ინფორმატიულად (საჭიროებს კონკრეტული რაოდენობის და თმის სიგრძის ნიმუშს, მხოლოდ თავის სხვადასხვა მიდამოდან). ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, ნივთიერების თმის ღერში გადასვლას ესაჭიროება მინიმუმ 10-14 დღე. ასევე, ადამიანის სხეულის ზედაპირზე არსებული თმის რაოდენობიდან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემდგომ მისი აღმოჩენა დამოკიდებულია მოხმარებული ნივთიერების რაოდენობაზე და ხანდაზმულობაზე. თმის გამოსაკვლევ ნიმუშში შესაძლებელია არ აღმოჩნდეს ნარკოტიკული საშუალება, თუმცა გამოსაკვლევი პირი იყოს მომხმარებელი“,- ნათქვამია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადებაში.

 

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა. გიორგი გახარია ამბობს, რომ ევროპაში ჩააბარებს თმის ანალიზს, რომელიც ყველაზე უტყუარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner