logo_geo
eng_logo
„EURACTIV“: მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგს, რეალური საქმე მაინც საქართველოს მიერ გაკეთდა, ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებული მედიაციით ხელი შეეწყო მშვიდობის დამყარებას
- +

17 სექტემბერი. 2021. 12:01

 

„სტაბილურობის საკითხი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის არჩევანი“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „EURACTIV“.

 

სტატიაში, რომლის ავტორია I3pact EU-ის დამფუძნებელი ვლად ოლტენუ, წარმატებულად არის შეფასებული საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მედიაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რამაც ხელი შეუწყო მშვიდობის დამყარებას.

 

„26 ივნისს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჟოზეფ ბორელის მანდატით საქართველოში შედგა ვიზიტი. ავსტრიის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ სამხრეთ ოსეთთან გავლებული ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ხაზი მოინახულეს. ვიზიტი ორგანიზებული იყო საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ და განრიგი მოიცავდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მაშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის მანდატით ქვეყანაში სტუმრად მყოფი მისია ძლიერი სიგნალი იყო იმისა, რომ ევროკავშირი მშვიდობასა და უსაფრთხოებას უწყობს ხელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც სისხლიანმა და რეალურმა ომმა 2020 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით 44 დღის განმავლობაში დაუპირისპირა სომხეთი აზერბაიჯანს. ეს უკვე მეორე ომი იყო ამ ორ ქვეყანას შორის. პირველი 1980-იანების ბოლოს დაიწყო და 1994 წლის მაისამდე გაგრძელდა. ამ პერიოდებს შორის ომი არ ყოფილა, მაგრამ კონფლიქტი გაყინული იყო. ის გარესამყაროსთვის იყო გაყინული, თორემ ამ ტერიტორიებიდან იძულებით ადგილნაცვალი პირებისთვის, დაჭრილებისა და დაღუპულებისთვის მაინც ცხელი იყო. მეორე ომი მწვავე საფრთხედ იქცა, არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპის კონტინენტისთვის და ალბათ მთელი მსოფლიოსთვის. თურქეთმა მხარი აზერბაიჯანს დაუჭირა, სომხეთმა ტრადიციული მოკავშირე რუსეთისკენ გაიხედა. სრულმასშტაბიანი კონფრონტაციის ალბათობა რეგიონულ და გლობალურ ძალებს შორის დღითიდღე იზრდებოდა, თან ერთ მხარეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი იდგა, ხოლო მეორე მხარეს - რუსეთი. საბედნიეროდ, მედიაციამ და დიალოგმა იმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერდა ამ დიალოგს, ადგილზე რეალური „საქმე“ მაინც მეზობელი ქვეყნის - საქართველოს - მიერ გაკეთდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებული მედიაციით ხელი შეეწყო მშვიდობის დამყარებას და აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მიერ დაკავებული 15 სომეხი მოქალაქის გათავისუფლებას. ამ კონფლიქტში მისი დიპლომატიური ჩარევის მიღმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური თანამშრომლობის ნაწილშიც იღწვოდა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რეგიონში თანამშრომლობის ხიდების მშენებლობის და საერთო ინტერესების ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოებების შექმნის კონტექსტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს.

 

„შეხვედრის მიზანი ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივი მაღალ-ტექნოლოგიური დარგების განვითარება იყო, რაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების და ერთობლივი მუშაობით გახდება შესაძლებელი ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული სამომხმარებლო ბაზრის სფეროებში განხორციელებული პროექტების სახით. პრემიერ-მინისტრი შმიგალიც მადლობას უხდიდა თავის ქართველ კოლეგას ყირიმის პლატფორმის სადამფუძნებლო სამიტში მონაწილეობაზე თანხმობისთვის და საქართველოს მხრიდან მუდმივად გამოხატული მხარდაჭერისთვის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში, ადამიანის უფლებების ჭეშმარიტი, მუდმივი პატივისცემით. შეხვედრა 22 აგვისტოს შედგა. საუბარში თანაბარი ყურადღება დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. პრემიერ-მინისტრ შმიგალის თანახმად, „უკრაინისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის მექანიზმების გაღრმავება, რათა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე წარმოებულ დიალოგში ინტენსიურად ხდებოდეს ჩვენი ქვეყნების ჩართვა“. აი, ვისთან და საქართველოსთან აქვს ალიანსს უკვე კარგად ჩამოყალიბებული პარტნიორობა“, - ნათქვამია სტატიაში.

 

პუბლიკაციაში ასევე ხაზგასმულია საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში, ასევე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, ქაბულის აეროპორტში მყოფი პირებისთვის სასმელი წყლის გაგზავნის შესახებ.

 

„პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის თქმით „საქართველოს მრავალი წელია ღირსეული წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენი მებრძოლები აქტიურად მონაწილეობენ ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებსა და მისიებში. საქართველო პირველად 2004 წელს ჩაერთო და ბოლო ათი წლის განმავლობაში უწყვეტად მონაწილეობდა ავღანეთში მიმდინარე მისიაში”. 860 ქართველი სამხედრო მსახურობს ავღანეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კონტინგენტის შემადგენლობაში. ავღანეთიდან ალიანსის განზრახული გამოსვლის მოლოდინში, საქართველომ წყლის მარაგები გააგზავნა ქაბულის აეროპორტში სტრესის ქვეშ მყოფი ხალხისთვის. ამ ქმედებამ საფუძველი მისცა და შეინარჩუნა სასიცოცხლოდ აუცილებელი რეგიონული სატრანზიტო ჰაბის არსებობის იდეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ხოლო საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ქართველი, ნორვეგიელი და შვედი სამხედრო მოსამსახურეები, ისევე როგორც ალიანსის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს სამხედრო და სამოქალაქო პირები, მხარდამხარ მუშაობდნენ. სულ რაღაც ერთი თვით ადრე, 19 ივლისიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველო მასპინძლობდა წარმომადგენლობით და წარმატებულ საერთაშორისო სამიტს - „ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას“. ამ ღონისძიებამ შეკრიბა საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ევროკავშირსა და რეგიონის ცივი და ცხელი კონფლიქტების წინაშე მდგარ სამ ქვეყანას შორის საუბარი სამომავლო პარტნიორობის, ეკონომიკის და უსაფრთხოების საკითხებზე მხოლოდ სარგებელს მოუტანს ყველა მონაწილე მხარეს. ევროკავშირის დახმარებით ამ დისკუსიების გადაზრდა კონკრეტულ და მნიშვნელოვან ქმედებებში აუცილებელიც კი არის ახლა სამივე ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის, თან ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. უფრო ძლიერი ევროპა უნდა არსებობდეს მსოფლიოში. ეს არის ბატონი ბორელის მისია. სწორედ ეს წერია მისი სახელისა და თანამდებობის ქვეშ ევროკომისრის გვერდზე ინტერნეტში. ასეთი სასურველი პოზიციის მისაღწევად და გლობალურად უფრო ძლიერი ევროპის არსებობისთვის, რეგიონულ პარტნიორებთან უნდა მოხდეს ალიანსების შექმნის სწორი და უწყვეტი სტიმულირება, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც კონფლიქტები არსებობს - სამხრეთ კავკასია, უკრაინა და მოლდოვა. ყოველივე ეს გულისხმობს მკაფიო გზამკვლევების და რეალისტური სცენარების შემუშავებასა და მხარდაჭერას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პროევროპულ მთავრობებთან კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობისთვის. ამ ქვეყნებს არა მხოლოდ ევროკავშირში გაერთიანებისა და ინტეგრაციის შორეული პერსპექტივა უნდა შევთავაზოთ, არამედ მიმდინარე, პერმანენტული მხარდაჭერისა და პარტნიორობის რეალობა, თან ეს არა მხოლოდ ეკონომიკურ ნაწილში, არამედ უსაფრთხოებისა და დიპლომატიურ სფეროებში. ძლიერი და სრულყოფილი პარტნიორობა ალბათ დაამტკიცებს, რომ პრაგმატულ პასუხს წარმოადგენს დაყოფისა და პროვოკაციის შემთხვევებზე. ასე იარსებებს მსოფლიოში უფრო ძლიერი და მოწინავე პოზიციების მქონე ევროპა, უფრო გაერთიანებული და უფრო აქტიური თავისი პარტნიორებისთვის. ბატონი ბორელის დევიზს კი ერთი სიტყვა შეგვიძლია დავამატოთ - უფრო ძლიერი ევროპა მსოფლიოში! ერთად!“ - აღნიშნულია სტატიაში.

 

 

https://www.euractiv.com/section/eastern-europe/opinion/the-stability-question-eus-foreign-policy-choices/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner