logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: ძნელია ამას უწოდო მოსმენების ჩანაწერები, იქ 80% მეტი შეთხზული ინფორმაციებია
- +

20 სექტემბერი. 2021. 15:09

 

 

ადვოკატი ნანა კაკაბაძის განცხადებით, პროკურატურაში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ე.წ. სუს-ის მასალებს გაეცნო.

 

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ფაილებში, რომელიც მას ეხება, ინფორმაცია მოგონილია და მნიშვნელოვან საუბარს არ შეიცავს.

 

გარდა ამისა, ადვოკატი განმარტავს, რომ საერთოდ შეთხზულია მის მიერ ნანახი მასალების 80%-ზე მეტი და ამას არ შეიძლება ეწოდოს ფარული მიყურადების ჩანაწერები.

 

„ძნელია ამას უწოდო მოსმენების და მიყურადების ჩანაწერები, იქ 80% თუ უფრო მეტი არა, არის გამოგონილი და შეთხზული ინფორმაციები, თუმცა, ეს არანაირ მნიშვნელოვან საუბარს არ შეიცავს. გაუგებარი იყო, თვითონ ამის შემქმნელებს რაში სჭირდებოდათ ამის მოგონება, რადგან არანაირ მნიშვნელოვან ინფორმაციას არ შეიცავს, მაგრამ იყო ნაწილი, რომელიც უშუალოდ მე მიკავშირდებოდა. მიმდინარეობს გამოძიება და იმედი მაქვს, დადგინდება ისევე როგორც ამ ჩანაწერების შემქმნელები, ისე მისი გამომტანები“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

 

მისი თქმით, ტელევიზიები აღნიშნული ე.წ. ფარული ჩანაწერების შინაარსით, კერძო საუბრის მონაწილე პირების უფლებებს არღვევენ.

 

ნანა კაკაბაძის განცხადებით, პროკურორს ჰკითხა, თუ რატომ არ არის აღკვეთილი როგორც ტელეკომპანიების, ისე პირადად ჟურნალისტების მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება, რაზედაც პასუხი ვერ მიიღო.

 

უფლებადამცველმა აღნიშნულ პროცესში სახალხო დამცველის პოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებების დარღვევაზე დუმს.

 

„იმ ტელეკოპანიებმა და ჟურნალისტებმა, რომლებმაც 17 სექტემბრიდან დღემდე არ მოიშალეს და ავრცელებენ სხვადასხვა ფაილების შინაარსს, არ არის გამორიცხული რომ ახალ-ახალი ინფორმაციებიც ვიხილოთ და ერთადერთი განცხადება, რაც მას გაუკეთებია გუშინ, თუ რა შემზარავ ქვეყანაში ვცხოვრობთ. დიახ, შემზარავია ქვეყანა, სადაც ომბუდსმენის ინსტიტუტისთვის რამდენიმე მილიონი იხარჯება წელიწადში და ეს ეს ინსტიტუტი ეხმიანება მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს და ის აქტიურია მხოლოდ მაშინ, როცა მისი პოლიტიკური ორიენტაციისთვის არის ეს საჭირო“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

 

მისი თქმით, მან და ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა უკვე შეიტანეს საჩივარი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში და ტელეკომპანიების მიმართ, ვინც ჩანაწერების შინაარსს ავრცელებს, რეაგირება მოსთხოვეს.

 

ნანა კაკაბაძის განცხადებით, მათ პროკურატურას მასალების შინაარსის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება და კანონდამრღვევი პირების პასუხისგებაში მიცემა მოსთხოვეს.

 

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს გავრცელდა ჩანაწერები მაღალი იერარქიის სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და დიპლომატების სავარაუდო სატელეფონო საუბრების გაშიფრული მასალები.

 

პროკურატურამ მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner