logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: არ მესმის ქარდავას მხარდამჭერთა მესიჯები, რომლებიც მწამებლის გმირად შერაცხვას ცდილობენ
- +

20 სექტემბერი. 2021. 18:20

 

 

„ქარდავას ექსტრადირება რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი იყო, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ეს იყო სამართლებრივი აქტი და არა პოლიტიკური, როგორც ამას მისი გარემოცვა ამბობს. არ მესმის ქარდავას მხარდამჭერთა მესიჯები, რომლებიც პირდაპირ ვიტყვი, რომ მწამებლის გმირად შერაცხვას ცდილობენ. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ ვარაუდებით“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

ჩიხელიძე არ გამორიცხავს, რომ მეგის ქარდავა ოქროს მოწმედ გამოიყენონ, რომელიც ყველა იმ ადამიანს დაასახელებს, ვინც მას დავალებებს აძლევდა:

 

„ის რომ ქარდავა პროფესიონალი მოძალადე, მწამებელი და ადამიანისთვის წარმოუდგენელი, არაადამიანური მოპყრობის მეთოდების შემქმნელია, სასამართლომ დაადგინა. მას უკვე 5 საქმეზე აქვს გამოტანილი განაჩენი, განხილვის პროცესში კი 6 საქმე არის. შესაბამისი უწყებების კომპეტენციაში არ და ვერ ჩავერევი, მაგრამ ვთვლი, რომ ქარდავა შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ე.წ. ოქროს მოწმედ, რომელსაც შესწევს უნარი დაასახელოს ყველა ის პიროვნება, ვინც მას დავალებებს აძლევდა. სწორედ მათთან ერთად უნდა აგოს ქარდავამ პასუხი, რადგან აუცილებელია გასამართლდეს მთლიანად გუნდი და არა კონკრეტული პიროვნება.

 

ალბათ, სიმბოლურია რომ სწორედ ქარდავას ექსტრადირების პერიოდში, საქართველოს ქალაქებში გამოჩნდა ბანერები, რომელიც მოსახლეობას „ნაციონალური“ მმართველობის 9 წელს ახსენებს. ის რაც ბანერზე წერია, ქარდავას საქმის მასალებით დასტურდება, ნათლად ჩანს, რომ „ნაციონალური“ მმართველობის დროს ხელისუფლება სისხლზე და მახვილზე იდგა. ბანერების გავრცელებასთან დაკავშირებით სამართლებრივ დავაში არ შევალ, მაგრამ ვთვლი, რომ ბანერების გამოფენა გამოხატვის თავისუფლების ქოლგის ქვეშ უნდა განვიხილოთ, რომლის შეზღუდვაც დაუშვებელია. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ წარსულზე საუბარი უნდა შეწყდეს და ეს დაუშვებელია, მინდა მათ დიდი ილიას სიტყვები შევახსენო: „აწმყო, შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა“. თუ გვინდა გვქონდეს მომავალი, აუცილებელია გვახსოვდეს წარსული!“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner