logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა
- +

23 სექტემბერი. 2021. 17:51

 

 

„მინდა ძალიან მოკლე კომენტარი გავაკეთო ნიკანორ მელიას დღევანდელ პროვოკაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გასული დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისებში იგეგმებოდა მძიმე პროვოკაციები წინასაარჩევნო გარემოს ხელოვნურად გასაუარესებლად. ამის მაგალითები ვიხილეთ ქარელში, დმანისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში გასული რამდენიმე დღის განმავლობაში. დღევანდელი ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ რაც მოხდა აღნიშნულ 4 მუნიციპალიტეტში, არ იყო სპონტანური პროვოკაციები და მათ უკან ნაციონალური მოძრაობის გეგმა იდგა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ძნელია ამგვარი პროვოკაციის მოთმენა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საზოგადოებას უცენზურო სიტყვებისთვის ბოდიში მოუხადა.

 

„ამის მორიგი მაგალითი ვიხილეთ დღეს ნიკანორ მელიას შესრულებით, რომელიც არის უინტელექტო ხულიგანი და პროვოკატორი და რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს. სიმბოლურია, რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე. ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და სრულიად შეგნებულად პოლარიზაციას მათი ოფისის წინ აღვივებს.

 

დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალზე რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე. ჩემთვისაც რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს კრიმინალის მხრიდან. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა.

 

ამ ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივისტებს, მოთმინებით მიუდგნენ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მშვიდი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემო.

 

2 ოქტომბერს ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს თვითმმართველობის არჩევნებში, რის შემდეგაც კრიმინალები საბოლოოდ ჩამოშორდებიან პოლიტიკას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner