logo_geo
eng_logo
ირაკლი ანთაძე: ერგნეთის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე, გრძელდება ბრძოლა, რომ ყველა თავის ოჯახს დაუბრუნდეს
- +

27 სექტემბერი. 2021. 19:54

 

 

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

 

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხზე ისაუბრეს და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება მოითხოვეს.

 

ირაკლი ანთაძის თქმით, საუბარი იყო ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაკავებულ ირაკლი ბებუაზეც.

 

„განვიხილეთ წინა შეხვედრიდან დღემდე ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე და ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე. განვიხილეთ თითოეული მაგალითი. გელა გოჭოშვილს ედავებიან ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას. საუბარი იყო რაღაც კრიმინალურ აქტივობაზე, თუმცა დადასტურებულად მივიღეთ ინფორმაცია, რომ მხოლოდ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. რაც შეეხება გენადი ბესტაევს, ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 14 თვეზე მეტ ხანს. ეს სცდება ყოველგვარ ლოგიკას, მოვითხოვეთ მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება. ბესტაევთან დაკავშირებით ცხინვალელ მონაწილეებს პოზიცია არ შეუცვლიათ. ბრძოლა მისი დაბრუნებისთვის გაგრძელდება. ორივე დაკავებულზე გაგრძელდება ჟენევის ფორმატში დისკუსია. როდესაც ვსაუბრობთ უკანონოდ დაკავებულებზე, ვსაუბრობთ ასევე აფხაზეთში დაკავებულ ირაკლი ბებუაზეც. მისი საკითხი განიხილება ძალიან მაღალ რეგისტრში და ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო შეხვედრებზე ეს საკითხი არის გაჟღერებული. რამდენიმე დღის წინ შედგა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეების ვიზიტი სოხუმში და ეს საკითხი იქაც გაჟღერდა. გრძელდება ბრძოლა, რომ ყველა ადამიანი დაუბრუნდეს თავის ოჯახს. ჰუმანიტარული სპექტრი იყო ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი სპექტრი. სამედიცინო მომსახურების კუთხით არსებობს გარკვეული კოოპერაცია ჩვენს შორის და მეტ-ნაკლებად სამედიცინო ევაკუაციები ოკუპირებული ტერიტორიიდან ხორციელდება“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.

 

ამასთან, ანთაძის განმარტებით, კიდევ ერთხელ მოითხოვეს ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნა.

 

„რაც შეეხება ე.წ. გადასასვლელების სრულფასოვან ამოქმედებას, ესაა ჩვენი პრინციპული პოზიცია. ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული მათი ჩაკეტვა და იზოლაციაში მოქცევა. ამაზე კონსულტაციები გაგრძელდება“, – აღნიშნა  ირაკლი ანთაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner