logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ვდგავართ ერთად, რათა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, თუ რა ღირებულებები გვამოძრავებს, როგორი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ
- +

27 ოქტომბერი. 2021. 18:16

 

 

„მოგესალმებით მეგობრებო! მოგესალმებით ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს! მივესალმები სრულიად საქართველოს, მოგესალმებით თითოეულ გულანთებულ ადამიანს, ვინც დღეს აქ, ჩვენი ქვეყნის მთავარ მოედანზე დგახართ, ყველას, ვინც საკუთარი ქვეყნის სიყვარულმა, მის მომავალზე ზრუნვამ მოგიყვანათ და ერთ მუშტად შეგვკრა საერთო მიზნის მისაღწევად“, - ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ჩემთვის შეუძლებელია ემოციის გარეშე გამოსვლა აქ შეკრებილი უამრავი ღირსეული, პატრიოტი ადამიანის წინაშე. დღეს ისევ ვდგავართ ერთად, რათა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, თუ რა ღირებულებები, რა ფასეულობები გვამოძრავებს, როგორი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ.

 

დღეს აქ მთელი საქართველო, მისი ყველა კუთხის შვილები ვართ შეკრებილი, ის ადამიანები, ვინც საქართველოს სიყვარულმა გაგვაერთიანა სწორედ აქ, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში. ალბათ, არავინ მიწყენთ, თუ პირველ რიგში სწორედ ჩემს თბილისს და თბილისელებს მივმართავ, სრულიად გულწრფელად გამოვხატავ იმ ემოციას, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ ამ ქალაქის მიმართ.

 

თბილისთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ამ ქალაქმა მომცა ყველაფერი, რისი მოცემაც შეეძლო - ურთიერთობები, სიყვარული, მეგობრები და შესაძლებლობა, მეზრუნა თბილისზე და თბილისელებზე.

 

ამიტომ, მეც არასდროს ვზოგავდი თავს, რომ ყველა ამ სიკეთეზე სიკეთითვე მეპასუხა, მესახელებინა ჩემი ქალაქი, ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა. ამ ქალაქისთვის არა მხოლოდ კარგი, ყველაფერი საუკეთესო მინდა.

 

და მაშინ, როდესაც ჩემმა ხალხმა ამირჩია თბილისის მერად, მომცა შესაძლებლობა, უშუალოდ მემსახურა ჩემი ქალაქისთვის, ჩემზე ბედნიერი და ამაყი, ალბათ, დედამიწაზე არავინ იყო. ვერავინ აღწერს იმ დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით გაჯერებულ განცდას, რომელიც მაშინ დამეუფლა და რომელიც არასდროს ტოვებს ჩემს გულს.

 

ჩემი ქალაქის, თბილისელების მხრიდან გამოცხადებული ნდობა ის ფასეულობაა, რომელსაც აუცილებლად გავამართლებ, სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. მე ასე მწამს, ასე მიცხოვრია და ასე ვიცხოვრებ მომავალში, რადგან მჯერა ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის და ჩემი ქალაქის უკეთესი მომავლის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner