logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს
- +

28 ნოემბერი. 2021. 11:00

 

 

„ებრაელთა თემს საქართველოში, ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებულ ჩვენს თანამოძმეებს, მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ ხანუქას - სიკეთის გამარჯვების, განწმენდისა და განახლების დიდ დღესასწაულს“, - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ქართველთა და ებრაელთა ათასწლოვანი, უნიკალური ურთიერთობა ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის მეგობრობის საუკეთესო მაგალითია.

 

„ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეულ ებრაელ თემს ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი საერთო სამშობლოს აღმშენებლობაში. ვუერთდები თქვენს საზეიმო განწყობას და კეთილდღეობას, მშვიდობასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

 

იუდეველები ხანუქას, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს ზეიმობენ – ელინელთაგან შეურაცხყოფილი ტაძრის განახლების (ძვ. წ. II ს.) გასახსენებლად და იმ სასწაულის აღსანიშნავად, როცა ტაძარში აღმოჩენილი ერთი დღის სამყოფი წმინდა ზეთი რვა დღის განმავლობაში ენთო. შესაბამისად, დღესასწაული 8 დღეს გრძელდება და სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner