logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია არ უარესდება, მაგრამ არც რადიკალურად უმჯობესდება
- +

28 ნოემბერი. 2021. 15:10

 

 

„სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები არის, მაგრამ ძალიან - ძალიან მაღალ ციფრებზე. მთავარია, რომ სიტუაცია არ უარესდება, მაგრამ არც რადიკალურად უმჯობესდება“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

ის ვაქცინაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ამბობს, რომ მცირედით, ძირითადად, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების ხარჯზე, იმუნიზაციის მაჩვენებელმა მოიმატა, თუმცა ეს არაა საკმარისი.

 

„დღეს პირველადაა, რომ 7, 14 დღეების დადებითობის მაჩვენებელი 9%-ს ჩამოსცილდა, რეპროდუქციის ინდექსი 1-ის ქვემოთ ნარჩუნდება, ანუ, ქვეყანაში, გავრცელების ტემპი არ იმატებს, მაგრამ დღეისთვის არსებული 3 333 შემთხვევა და 56 გარდაცვალება ძალიან ბევრია საქართველოსთვის, გარდაცვალების მაჩვენებელი ჩვენს ე.წ. ზღვრულ ინდიკატორს ორჯერ აჭარბებს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 545-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 152 380 აცრა გაკეთდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 838 639 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 779 510, გარდაიცვალა 11 927 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner