logo_geo
eng_logo
თამარ ტალიაშვილი: რომ არა 2012 წლიდან განათლებაში განხორციელებული ძალისხმევა, პანდემიის დროს განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფა გართულდებოდა
- +

1 დეკემბერი. 2021. 17:06

 

 

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს, 2012 წლიდან განათლების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

 

„მიმაჩნია, რომ განათლება და მომავალი თაობა არის ის თემა, რომლის გარშემოც უნდა ხდებოდეს პოზიციასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა. სამწუხაროდ ამის საპირისპიროს მომსწრენი აღმოვჩნდით ბევრი ოპონენტის მხრიდან, რომლებმაც განაცხადეს, რომ საერთოდ ვერაფერი დაინახეს. არ დანახვა და დაუნახაობა ერთია, ხოლო ფაქტები კი ჯიუტი! მათ თუ ვერ დაინახეს, მე გეტყვით - 2011 წელთან შედარებით 2.5 ჯერ გაიზარდა დაფინანსება, რამაც საშუალება მისცა მმართველ გუნდს სამინისტროს მეშვეობით გაესამმაგებინა პედაგოგებისა თუ მეცნიერ თანამშრომელთა ანაზღაურება. აშენებულიყო და რეაბილიტაცია განხორციელებულიყო 400-ზე მეტი სკოლის, ღირსეული გაცილების პროგრამით ესარგებლა 8 000-ზე მეტ პედაგოგს, აქტიურად დაწყებულიყო სკოლების ინტერნეტიზაცია, მომხდარიყო რეგიონებში მოსწავლეების სასკოლო ტრანსპორტით უზრუნველყოფა და სხვა მრავალი. ძალიან შორს ვართ იმ ილუზიისგან, რომ განათლებაში დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემები არ გვაქვს. თუმცა, რომ არა 2012 წლიდან განათლებაში განხორციელებული ძალისხმევა, გართულდებოდა პანდემიის დროს განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფა“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 

განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მინისტრს შეკითხვითაც მიმართა და დაინტერესდა თუ რა გეგმები აქვს სამინისტროს ფსიქოემოციური და საგანმანათლებლო დანაკლისის ანაზღაურების, ანუ რემედიაციის თვალსაზრისით. პარლამენტის წევრის შეკითხვა სკოლების ავტორიზაციის და მედია წიგნიერების სწავლების საკითხებსაც შეეხებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner