logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა
- +

2 დეკემბერი. 2021. 12:36

 

 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა. მინისტრმა უწყების მიმდინარე წლის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და 2022 წლის გეგმები განიხილა,“ - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ქუთაისში დამონტაჟებული მეტეოროლოგიური რადარი, რომელიც დასავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაადგენს მოსალოდნელი ნალექების რაოდენობასა და ინტენსივობას. რაც უზრუნველყოფს მათგან გამოწვეული წყალმოვარდნებისა და ღვარცოფების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისთვის დროულად მიწოდებას.

 

ანალოგიური მეტეოროლოგიური რადარის დამონტაჟება დასრულების სტადიაზეა თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზეც (სოფ. კიკეთში).

 

მიმდინარე წელს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ტექნიკური გადაიარაღების კუთხით. შეძენილია 13 ერთეული ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური, 50 ერთეული მეტეოროლოგიური საგუშაგო და 21 ერთეული ჰიდროლოგიური საგუშაგო, აგრეთვე, მეტეოროლოგიური პარამეტრების მაღალი სიზუსტით მზომი საკონტროლო პორტატიული ხელსაწყო, ალაზანი-იორისა და ხრამი-დებედას აუზებში დამონტაჟდა 12 ერთეული ავტომატური წყლის დონის მზომი სადგური.

 

ქვეყანაში მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელი გაფართოვდა, კახეთის მხარეში 10 ახალი ავტომატური სადგური მოეწყო. სადგურები აღჭურვილია უახლესი ჰიდროგეოლოგიური აპარატურით.

 

მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, შეაჯამეს მიღწევები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების და ტექნიკური გადაიარაღების კუთხით; ამ ეტაპზე სააგენტო მუშაობს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურებიდან მიღებული მონაცემების ვალიდაციის პროცედურების დანერგვაზე.

 

სააგენტოს მიერ შემუშავდა აკვაკულტურის ახალი კანონმდებლობა და 2020 წლის 24 ივნისს მიღებულ იქნა ახალი კანონი აკვაკულტურის შესახებ, რომელიც ქმნის მნიშვნელოვან საფუძვლებს ამ სექტორში აქტივობების გაძლიერებისათვის, მათ შორის, საზღვაო წყლებში მარიკულტურის, შიდა წყლებში - ტბებსა და წყალსატევებზე ექსტენსიური აკვაკულტურის წარმოების მიმართულებით. კანონი დაიცავს გარემოს და შექმნის აკვაკულტურის წარმოების განვითარების სტანდარტებს. კანონი ძალაში შევიდა მიმდინარე წლის 1 მარტიდან.

 

აღნიშნულ შეხვედრაზე განხილვის თემა იყო სააგენტოს ინფრასტრუქტურული სიახლეები, მათ შორის თბილისში დასრულებული მეტეოროლოგიური გამზომი საშუალებების საკალიბრაციო ლაბორატორიის მშენებლობა, ქ. ბათუმში (ადლიაში) მიმდინარე სააგენტოს რეგიონალური ოფისის სამშენებლო სამუშაოები და ატმოსფეროს ვერტიკალური ზონდირების აეროლოგიური სადგურის საოფისე და დამხმარე შენობები, რომელიც ქ. ფოთში აშენდება.

 

აღსანიშნავია, რომ განხორციელდა საზღვაო ექსპედიცია გონიო-ანაკლიის აკვატორიაში. სპეციალიზებული ხელსაწყო-დანადგარების გამოყენებით, 18 საზღვაო სადგურზე აღებულია 200-ზე მეტი ზღვის წყლისა და ფსკერული გრუნტის ნიმუშები ჰიდრობიოლოგიური კვლევებისთვის. ასევე, შეფასდა ძირითადი სარეწაო რესურსის, შავი ზღვის ქაფშიას მარაგების მდგომარეობა ექოსაუნდერის გამოყენებით; გრძელდება კვლევები საქართველოს საზღვაო სივრცეში ძირითადი სარეწაო თევზების მარაგებისა და სამრეწველო თევზჭერის კვოტების განსაზღვრის მიზნით; დასრულდა შავი ზღვის საქართველოს სანაპირო წყლებში რაპანას კვლევის მე-2 ეტაპი.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხზე. დონორთა მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner