logo_geo
eng_logo
გიორგი ტყემალაძემ მეექვსე მოწვევის საკრებულოს მუშაობა შეაჯამა
- +

2 დეკემბერი. 2021. 15:19

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მეექვსე მოწვევის საკრებულოს მუშაობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ წარმომადგენლობითმა ორგანომ ამ ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. გიორგი ტყემალაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე, რომელიც სწორედ მეექვსე მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა და დედაქალაქის უპრეცედენტოდ მაღალ ბიუჯეტზე.

 

„მეექვსე მოწვევის საკრებულომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. რა თქმა უნდა, გამოვყოფდი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას, რომელმაც განაპირობა თბილისის სწორი ურბანული გრძელვადიანი განვითარება და სხვა თანმდევი გადაწყვეტილებები, რომლებიც გენერალურ გეგმასთან ერთად იქნა მიღებული. შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებით ქალაქში ქაოტური მშენებლობა დასრულდა.

 

აუცილებლად გამოვყოფდი დედაქალაქის უპრეცედენტოდ მაღალ ბიუჯეტს, რამაც ჩვენ შესაძლებლობა მოგვცა, რომ კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე, უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განგვეხორციელებინა. ასევე, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ახალი პროექტები და სოციალური პროგრამები“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილებები ერთობლიობაში კარგად თბილისზე. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს გაწეული სამუშაოსთვის.

 

„დარწმუნებულები ვარ, რომ იმ გამოცდილებით, რომელიც თბილისის მთავრობასთან ერთად დაგვიგროვდა კონკრეტული განხორციელებული პროექტებით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზუსტად ვიცით რა გვინდა, რას ვაპირებთ, რა პრიორიტეტები გვაქვს იმ მიმართულებით, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში  ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის საჭიროა.

 

მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს დიდი შრომისთვის, რომელიც მათ ამ პერიოდის განმავლობაში გაწიეს. იმათ, ვინც სხვადასხვა პოზიციებზე აგრძელებენ მუშაობას, წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დასძინა, რომ ახალი მოწვევის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენელთა რაოდენობა იზრდება. მისი თქმით, ეს  კიდევ უფრო მეტწილად განაპირობებს თანამშრომლობის აუცილებლობას.

 

„ჩვენ ამისთვის მზად ვართ და იმედი გვაქვს, რომ მათი მხრიდანაც იქნება კონსტრუქციული, საქმეზე ორიენტირებული თანამშრომლობის სურვილი“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს მეექვსე მოწვევის საკრებულოს ბოლოს სხდომა გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner