logo_geo
eng_logo
თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა
- +

2 დეკემბერი. 2021. 15:50

 

 

დღეს, დედაქალაქის მეექვსე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობა შეაჯამა და კოლეგებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, მეექვსე მოწვევის საკრებულომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარემ განსაკუთრებით გამოყო თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება, რომელმაც მისი  თქმით, თბილისის სწორი, ურბანული გრძელვადიანი განვითარება განაპირობა. გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის უპრეცედენტოდ მაღალ ბიუჯეტზეც გაამახვილა ყურადღება.

 

„მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს შრომისთვის, რომელიც მათ ამ პერიოდის განმავლობაში გაწიეს. იმათ კი, ვინც სხვადასხვა პოზიციებზე აგრძელებენ მუშაობას, წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში და შესაბამის დადგენილებაში ცვლილებების პროექტები წარადგინა, რომლებიც თვითმმართველობის კოდექსში და სხვა საკანონმდებლო აქტებში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე განხორციელდა.

 

აღნიშნული საკითხების გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის ავტობუსის პროექტი ფაზა III”-ს ფარგლებში სასესხო ხელშეკრულებას მხარი დაუჭირეს.  საკითხი სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა წარადგინა. მისი განცხადებით, სასესხო ხელშეკრულება 83 მილიონ ევროს მოიცავს.

 

სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ საკრებულოს წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, გაცვლის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარუდგინა.

 

საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს. ამით, მეექვსე მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner