logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის დროს დაზარალებული ასობით მცირე და საშუალო მეწარმე, კვების ობიექტი, საბავშვო გასართობი ცენტრი თუ სტუდია ჩართულია საახალწლო ღონისძიებებში
- +

11 იანვარი. 2022. 11:32

 

„კვლავ გელით საახალწლო სოფელში, ამავე დროს, მოგმართავთ თხოვნით, გავითვალისწინოთ ქვეყანაში არსებული კოვიდ-ვითარება, ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და ვატაროთ პირბადე,“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„მოგეხსენებათ, რომ თბილისის საახალწლო სოფელი 24 დეკემბერს გაიხსნა და 14 იანვრის ჩათვლით აგრძელებს ფუნქციონირებას ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში. მინდა, მადლობა გადავუხადო ბიზნესსექტორს თანამშრომლობისთვის, რომელთა აქტიური ჩართულობით თბილისში არაერთი სკვერი და პარკი მოირთო. ასევე, თბილისის საახალწლო სოფელში ნახავთ კერძო სექტორის ფინანსური მხარდაჭერით დამონტაჟებულ ულამაზეს ინსტალაციებს.

 

განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო თბილისის მერიის ყველა იმ თანამშრომელს და საქალაქო სამსახურებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ საახალწლო ღონისძიებების მზადებისა და განხორციელების პროცესში. ესენია: თბილისის მერიის ადმინისტრაცია, „თბილსერვის ჯგუფი“, მუნიციპალური ინსპექცია და ეკონომიკური განვითარების სამსახური და უსაფრთხოების სამსახური.

 

მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის დროს დაზარალებული ასობით მცირე და საშუალო მეწარმე, კვების ობიექტი, საბავშვო გასართობი ცენტრი თუ სტუდია ჩართულია საახალწლო ღონისძიებებში, ასევე, სამკვირიან მუსიკალურ-გასართობ პროგრამაში ჯამში ათასზე მეტი მუსიკოს-შემსრულებელი იღებს მონაწილეობას. 14 იანვრამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. იქამდე კი შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვესტუმროთ საახალწლო სოფელს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, დავისვენოთ, გავერთოთ და ერთად გავატაროთ სასიამოვნო დრო. 14 იანვარს, 20:00 საათზე გიწვევთ დედაენის ბაღში დასკვნით კონცერტზე, რომელიც რუსუდან მორჩილაძემ მოამზადა ძველით ახალი წლისთვის. ჟანრობრივად მრავალფეროვან მუსიკალურ საღამოზე, სხვადასხვა თაობის ქართველი შემსრულებლები და ჯგუფები, მუსიკალური ბენდის თანხლებით შეასრულებენ საახალწლო და ყველასთვის საყვარელ სიმღერებს. კვლავ გელით საახალწლო სოფელში, ამავე დროს, მოგმართავთ თხოვნით, გავითვალისწინოთ ქვეყანაში არსებული კოვიდ-ვითარება, ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და ვატაროთ პირბადე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner