logo_geo
eng_logo
„ელექტრონული აუქციონი მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით გამოცხადდა“ - ეროვნული სატყეო სააგენტო „ტვ პირველს“ სიცრუეში ადანაშაულებს
- +

23 იანვარი. 2022. 13:17

 

 

ეროვნული სატყეო სააგენტო განცხადებას ავრცელებს ტვ „პირველზე“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, სადაც  ბაკურიანში სახელმწიფო ტყის ფონდის  მასივის ვითომდა „ჩუქების“ ფაქტს უკავშირდებოდა, მთავარ ფიგურანტად კი პრემიერის ოჯახის წევრი დასახელდა.

 

ეროვნული სატყეო სააგენტო განმარტავს, რომ  გავრცელებული ინფორმაცია არაერთ უზუსტობას და დამახინჯებულ ფაქტს შეიცავდა და აცხადებს,  რომ 2021 წლის 17 დეკემბერს გამართული ელექტრონული აუქციონი მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობის უფლება ჰქონდა ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს.

 

ასევე, ტყით სპეციალური სარგებლობა გამოცხადდა - საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით -   49 წლის ვადით მთელი რიგი ვალდებულებების გათვალისწინებით.  ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, გადაგზავნილი იქნა წერილობით სააგენტოს მიერ მომზადებული ინფორმაცია, სადაც სრულად ჩანდა ის ვალდებულებები, რაც 5958 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე 49 წლის განმავლობაში უნდა დაცულიყო; თუმცა, სიუჟეტში ჟურნალისტმა ინფორმაცია არ გამოიყენა, უფრო მეტიც, აღნიშნავდა, რომ მასთან განმარტების გაკეთება არ ისურვეს.

 

2021 წლიდან სულ გაცემულია 22 იჯარა, საიდანაც ამჟამად მოქმედია 20 ხელშეკრულება. 22 იჯარა გაცემულია 255948 კვ.მ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ნაკვეთზე, მიღებული შემოსავალია წლიურად დაახლოებით 55225 ლარია, თუმცა ტვ პირველი არ დაინტერესებულა.

 

აქვე დანართის სახით ვაქვეყნებთ ბაკურიანის სატყეო უბანზე გამოცხადებული აუქციონის შესახებ სრულ ინფორმაციას იმ ვალდებულებების შესახებ, რომელიც მოიჯარემ უნდა დაიცვას.

 

აუქციონში გამარჯვებული პირი მთელი რიგი ვალდებულებებით უზრუნველყოფს ტყის საფარის მოვლა/პატრონობას. საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის #221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ შესახებ დებულების შესაბამისად, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე,  სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის, ბაკურიანის სატყეო უბნის, ბაკურიანის სატყეოს კვარტალ N 5-ის და ლიტერ N 45-ში მდებარე 5958 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N 64.30.07.441) ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების გაცემის მიზნით, 2021 წლის 17 დეკემბერს გამოცხადდა აუქციონი # 964, ქონების სარგებლობის წლიური საწყისი საფასური განისაზღვრა 5958 ლარით,  ბიჯი 297, 90 ლარი.

 

ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც  რეგისტრირებულია ელექტრონულად www.eauction.ge ვებ- გვერდზე საშუალება ეძლევა, გააკეთოს სასურველ ფასზე შეთავაზება საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით. 

 

აღნიშნული აუქციონი დასრულდა 2021 წლის 24 დეკემბერს, რომელშიც გამარჯვებულად გამოვლინდა ფიზიკური პირი ნუნუ თამაზაშვილი. გასაყიდმა ფასმა შეადგინა 6 255.90  ლარი,

 

ხელშეკრულების პირობების თანახმად, ტყითმოსარგებლე ვალდებულია:

 

ა) ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებიდან ერთი წლის ვადაში შეიმუშაოს და ტყის მართვის ორგანოს შესათანხმებლად/დასამტკიცებლად წარუდგინოს ტყითსარგებლობის და წლიური სამოქმედო გეგმა. აკრძალულია ტყითმოსარგებლის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ტყითსარგებლობის გეგმის ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმების და წლიური სამოქმედო გეგმის დამტკიცების გარეშე.

 

ბ) აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში, აუქციონის ჩატარების ინიციატორ დაინტერესებულ პირს აუნაზღაუროს აუქციონის გამოცხადებისათვის (აუქციონში მონაწილეობის მიღებისთვის) საჭირო, მის მიერ ტყის მართვის ორგანოში წარდგენილი დოკუმენტების შექმნისათვის გაწეული ხარჯი (ამ შემთხვევაში ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება).

 

გ) უზრუნველყოს ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა (მათ შორის ფიზიკური),  გამოიყენოს ქონება მხოლოდ ხელშეკრულების მიზნებისათვის.

 

დ) მხარეთა მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან  10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დადგენილი წესით დასარეგისტრირებლად წარადგინოს წინამდებარე ხელშეკრულება და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინოს სააგენტოს (საჯარო რეესტრში ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის რეგისტრაციას, მათ შორის, ტყითსარგებლობის უფლების რეგისტარციას ახორციელებს ტყითმოსარგებლე).

 

ე)  ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში  სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურთან გააფორმოს სახელმწიფო ტყის ტერიტორიის მიღება-ჩაბარების აქტი (ტყით სპეციალური სარგებლობა დასაშვებია ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დარეგისტრირების, ტყითსარგებლობის გეგმის  სააგენტოსთან შეთანხმების, წლიური სამოქმედო გეგმის დამტკიცების და ტერიტორიის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ).

 

ვ) წელიწადში ერთხელ სააგენტოში წარმოადგინოს ინფორმაცია (ანგარიში) განხორციელებული საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა,  სააგენტოს მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუმეტეს მოთხოვნის მიღებიდან  5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, წარუდგინოს მას ინფორმაცია  ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების თაობაზე;

 

ზ) ინფრასტრუქტურის მოწყობის ან/და ობიექტის ფუნქციონირებისათვის სამუშაოები აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ნებართვის (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) საფუძველზე და უსაფრთხოების ნორმების/სტანდარტების შესაბამისად.

 

თ) დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო წესები და განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები; ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებისას, დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული  სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები და იქონიოს ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები.

 

ი) უზრუნველყოს ნარჩენების მართვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.

 

კ) წინამდებარე ხელშეკრულების ვადის დასრულებიდან ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნული ტერიტორია, მასზე განთავსებული ობიექტ(ებ)ით (რომლის წაღებაც შეუძლებელია მაგ. მყარი შენობა ნაგებობა) მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურს.

 

ლ)  თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას;

 

მ) ტყითსარგებლობისას არ გამოიყენოს საქმიანობის ის ფორმები და მეთოდები, რაც გამოიწვევს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას, ასევე (მათ შორის), ტერიტორიის ან ჰაერის დაბინძურებას. საკუთარი ინიციატივით ახალი მისასვლელი გზების გაყვანა, არსებული საგზაო კომუნიკაციების თვითნებური აღდგენა;

 

ნ) აანაზღაუროს გადაცემულ ქონებაზე მიყენებული ზიანი; 

 

ო) სააგენტოს წინასწარი თანხმობის გარეშე, გადაცემული ქონება ფლობასა და სარგებლობაში არ გადასცეს სხვა პირს;

 

პ) ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნები (ასევე, გადაიხადოს ქონების (მ.შ. მიწაზე) და სხვა გადასახადები).

 

სააგენტოს მიერ, გამარჯვებულ პირთან ტყით სპეციალური სარგებლობის ხელშეკრულება გაფორმდა 2021 წლის 27 დეკემბერს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner