„შემაშფოთებელია პოლიციელის მხრიდან ძალადობა“, - დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან მეტროში შშმ პირზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მისასალმებელია, რომ აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაგირება ჰქონდა.
„ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. მსგავსი რამ პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფაა. ზოგადად, ეს ადამიანები ხომ გმირობასთან ასოცირდებიან. ისინი თავიანთი სიცოცხლის ფასად, ქვეყანაში მშვიდობასა და წესრიგს უზრუნველყოფენ. მისასალმებელია მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მყისიერი რეაგირება. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სმენადაქვეითებული მოზარდი, პოლიციელების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების ობიექტი მეტროში გახდა. დაზარალებულმა ოჯახის წევრებს უამბო, რომ მეტროში მეგობრებთან ერთად იყო, როცა სამართალდამცველი მისთვის გაუგებარი მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდა, ფაქტს კი მეორე პოლიციელი და მისი მეგობრები შეესწრნენ. ნუკრი ბაქრაძეს გამოძიება დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობით ჩადენილ დანაშაულს, ხოლო კახა ბაკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.